"ამის მოთმენა შეუძლებელია" - მესი არგენტინის გულშემატკივრებზე მიმართულ აგრესიას გმობს
ბრაზილიასა და არგენტინას შორის გამართული მატჩი სკანდალურად დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინა 5 ქულით წინ იყო პრინციპულ მეტოქეზე და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა, ამიტომ ბრაზილიელებისთვის ეს შეხვედრა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ატარებდა. მარაკანაზე დაძაბულობა ბრაზილიის ჰიმნის შესრულების დროს დაიწყო და ორივე გუნდის გულშემატკივრების ჩხუბით გაგრძელდა. თამაში 30 წუთით გადაიდო, რადგან საქმეში პოლიცია ჩაერია, გულშემატკივრების დასამშვიდებლად ტრიბუნებთან გუნდის ლიდერებიც მივიდნენ. საბოლოო ჯამში, შეხვედრა განახლდა და ოტამენდის ერთადერთი გოლით არგენტინამ სტუმრად გაიმარჯვა. როგორც ჩანს, გულშემატკივრებს შორის დაძაბულობა შეხვედრის დასრულების შემდეგაც არ შეწყვეტილა - ლეო მესი ამის შესახებ ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს:
ჩვენი გუნდი აგრძელებს ისტორიის დაწერას... დიდი გამარჯვება მარაკანაზე, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენს გულშემატკივრებზე ძალადობენ, ამის მოთმენა შეუძლებელია, ეს ნამდვილი სიგიჟეა და უნდა დასრულდეს - ლეო მესი
ბრაზილიასა და არგენტინას შორის მატჩი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დაპირისპირებაა. ამ თვეში ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ბრაზილელები და არგენტინელები ერთმანეთს მუშტი-კრივში ეჯიბრებიან, კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალის წინ, "ფლუმინენსესა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის, კოპა კაბანას სანაპიროზე ფანებს შორის დიდი შეტაკება მოხდა, რამაც ბრაზილიის ხელისუფლება აიძულა, დაფიქრებულიყო დაეშვა თუ არა გულშემატკივრები თასის ფინალზე.
მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში არგენტინას 15 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა, ბრაზილიამ 6 შეხვედრიდან უკანსნელი 3 წააგო და 7 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.