"ამ ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა დადო" - ხვიჩა კვარაცხელია
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც კვარა ერთა ლიგაზე მოახლოებული მატჩის წინ ნაკრებ გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
"როდესაც იგებ, რომ გამოძახებული ხარ და უნდა ჩახვიდე ეროვნულ ნაკრებში, ისეთი ემოციებით ვხვდები და ისეთი სიხარულით… მართლა ძალიან მიხარია, რადგან ისეთი მეგობრული, ოჯახური გარემო არის, რომ არა მხოლოდ მოედანზე, მოედნის მიღმაც ყველაფერი უნდა დადო ამ ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის. ალბათ, გარედანაც ამჩნევენ, რომ გუნდში ძალიან დიდი ერთსულოვნებაა, ერთი დიდი ოჯახი ვართ და ჩვენი მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად კარგია, როდესაც კარგს აკეთებ, მაგრამ პრიორიტეტული ჩემთვის გუნდთან ერთად წარმატებაა, რადგან გუნდის გარეშე შენ ვერ იქნები ინდივიდუალური ფეხბურთელი და ვერაფერს მიაღწევ. მეც ვცდილობ, რა თვისებებიც მაქვს, ისევ გუნდს მოვახმარო, რადგან გუნდის წარმატება ჩემთვის პირველია და შემდეგ ინდივიდუალური".