ალბერტო ბიგონი: "სპალეტიმ და ნაპოლიმ ჩვენი დონის მიღწევა დააფიქსირეს"
ამ სეზონის ტრიუმფამდე მოგებული ბოლო და ისტორიაში რიგით მეორე სკუდეტოს, 1990 წლის ჩემპიონობის მომტანმა ერთ-ერთმა მთავარმა ადამიანმა, "ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტო ბიგონიმ ნეაპოლელთა მესამე ჩემპიონობაზე ისაუბრა.
"ლუჩიანო სპალეტიმ და მისმა "ნაპოლიმ" ისეთ მიღწევას მიაღწიეს, რომელსაც ისევე დაიმახსოვრებენ, როგორც ჩვენ გამარჯვებას.
მე ვხედავ მსგავსებას ამ ორ გუნდს შორის: მაგალითად სულისკვეთება და საერთო საქმისთვის თავგანწირვის სურვილი.
ბევრს ეგონა, რომ მას მერე, რაც ზაფხულში გუნდმა მერტენსი, ინსინიე და კულიბალი დაკარგა, "ნაპოლი" ჩემპიონობას ვერ მოახერხებდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მათი ჩანაცვლება კვარაცხელიათი და კიმით მოახერხეს.
სასიამოვნოა, რომ "აძურის" გულშემატკივრები დიდი ხნის შემდეგ ზეიმობენ. ისინიც და კლუბიც ამას იმსახურებენ. თუმცა, ვაღიარებ, რომ ბედნიერი ვარ, რომ სახლში დაგროვებული ქულების რეკორდი შენარჩუნებულია - ჩვენ ყველა მატჩი მოვიგეთ ერთის გარდა.
ჩემი ყველაზე დიდი სინანული ის არის, რომ დიეგო ვერ იქნება აქ, რათა იზეიმოს ეს ტრიუმფი თავის საყვარელ "ნაპოლისთან" ერთად და ასევე ის, რომ დოჰაში არგენტინის გამარჯვებისთვის თვალის მიდევნება ვერ მოახერხა. იმ მოგონებებს, რომლებიც მარადონასთან მაკავშირებს, გულთან ახლოს ვინახავ და მირჩევნია მათზე არ ვისაუბრო", - თქვა ალბერტო ბიგონიმ.
"ნაპოლის", რომელმაც ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგო, სეზონის ბოლომდე კიდევ 5 მატჩი აქვს დარჩენილი. შემდეგ შეხვედრას აწ უკვე იტალიის ჩემპიონი “ნაპოლი” 7 მაისს, საშინაო კედლებში, “ფიორენტინას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.