Belive

აფრიკის თასი იწყება | ყველაფერი, რაც ტურნირის შესახებ უნდა იცოდეთ

3 თვის წინ ფეხბურთი
5 წთ

შაბათს აფრიკის თასი 34-ედ აიღებს სტარტს და მას კოტ-დ'ივუარი უმასპინძლებს. ტურნირი, რომელიც პირველად შორეულ 1957 წელს ჩატარდა, 24 ნაკრებს გააერთიანებს.

უკანასკნელ აფრიკის თასზე, 11-მეტრიან სერიაში, სენეგალმა ეგვიპტის ნაკრები დაამარცხა და თასს პირველად დაეუფლა. გაიმეორებს ტრიუმფს, სადიო მანესა და კალიდუ კულიბალის ლიდერობით, სენეგალის ნაკრები? ფავორიტთა შორისაა მაროკოს ნაკრებიც, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაცია მოახდინა, ტურნირს დიდი მოტივაციით ხვდება მამუკა ჯუღელზე გაბრაზებული ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენიც, რომელიც დეკემბერში აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შორიდან დავიწყოთ...

2014 წლის აფრიკის კონფედერაციის (CAF) შეხვედრაზე, 2023 წლის აფრიკის თასის მასპინძლად გვინეა დასახელდა. 2019 წლის ტურნირი კამერუნში, 2021-ის კი კოტ-დ'ივუარში უნდა გამართულიყო, თუმცა განრიგი გარკვეული ფაქტორების გამო შეიცვალა.

CAF-ის გადაწყვეტილებით, ტურნირის მონაწილე გუნდების რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზარდა. ასევე, შეიცვალა კალენდარიც: აფრიკის თასი არა იანვარში, არამედ სეზონის ბოლოს უნდა გამართულიყო, რაშიც ევროპის ტოპ ჩემპიონატების ინტერესები იყო გათვალისწინებული.

2019 წელს, აფრიკის თასს არა კამერუნმა, არამედ ეგვიპტემ უმასპინძლა - ამის მიზეზი კამერუნში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა გახლდათ. თუმცა პრობლემები შეიქმნა 2021 წელსაც: როგორც უკვე აღინიშნა, ტურნირი ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა დასავლეთ აფრიკაში მოსალოდნელი ტროპიკული შტორმის გამო, აფრიკის თასი გადაიდო და მაინც ზამთარში, ოღონდ 2022 წელს გაიმართა.

2023 წლის ზაფხულში, მოსალოდნელმა ამინდმა პრობლემა შეუქმნა კოტ-დ'ივუარსაც. შესაბამისად, ტურნირი კვლავ გადაიდო და 2024 წლის იანვარში ჩაინიშნა.

როგორც ხედავთ, 2019 წლის შემდეგ, ტურნირს ქვეყნები 2 წლის დაგვიანებით მასპინძლობდნენ. ანალოგიური რამ უნდა მომხდარიყო გვინეას შემთხვევაშიც, სადაც აფრიკის თასი არა 2023, არამედ 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ინფრასტრუქტურულმა პრობლემებმა თავი გვიანეაშიც იჩინა, რის გამოც, მასპინძლის სტატუსი პირდაპირ მაროკოს გადაეცა.

როგორია ფორმატი?

აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელი 24 ქვეყნის ნაკრები 4-გუნდიან 6 ჯგუფში იქნება გადანაწილებული, შემდეგ ეტაპზე კი პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადაინაცვლებენ.

მათ ასევე დაემატებათ მესამე ადგილზე გასული 4 საუკეთესო ნაკრები. მივიღეთ პლეი-ოფს, სადაც ფინალამდე მისასვლელი გზა განისაზღვრება, მთავარ მატჩს კი 11 თებერვალს ვიხილავთ.

ტურნირი 13 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.

ფავორიტები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაროკომ ისტორია უკვე დაწერა. ვალიდ რეგრაგის გუნდმა, ჯგუფურ ეტაპზე, კანადა და ბელგია დაამარცხა, პლეი-ოფში პორტუგალია და ესპანეთი გაისტუმრა, თუმცა ნახევარფინალში საფრანგეთის უძლიერეს ნაკრებთან ვერაფერი გააწყო. რეგრაგის კარგი, დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, რომლის ლიდერიც "პარი სენ-ჟერმენის" განაპირა მცველი, აშრაფ ჰაკიმია.

კამერუნის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც "ბრენტფორდის" შემტევმა, ბრაიან მბუმომ, მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს 3 თვით ჩამოშორდა.

მთავარი სიტყვა ეგვიპტეს ეთქმის - ნაკრებს, რომელსაც ტურნირი უკვე 7-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა 10 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც "ფარაონებმა" აფრიკაში პირველობა იზეიმეს. 2017 და 2022 წლებში, ეგვიპტემ ფინალი დათმო და მო სალაჰის ლიდერობით, ტრიუმფს უმიზნებენ.

ტურნირის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი სენეგალის ნაკრებია - გუნდი, რომელიც არაერთი გამოცდილი ლეგიონერითაა დაკომპლექტებული.

ნიგერიის მთავარი პრობლემა დაუბალანსებელი შემადგენლობაა. თავდასხმაში მუსა, იჰენაჩო, ლუკმანი, ოსიმენი, ჩუკვუეზე არიან წარმოდგენილები, თუმცა დაცვითი ხაზი ძალიან სუსტია. "თეთრი არწივების" მთავარი მწვრთნელის საზრუნავი სწორედ ეს საკითხი იქნება.

სტატისტიკური პლატფორმის, Opta-ს კომპიუტერული მოდელის პროგნოზით, აფრიკის თასის მთავარი ფავორიტი მოქმედი ჩემპიონი, სენეგალის ეროვნული ნაკრებია, რომლის გამარჯვების შანსები 12,8%-ით ფასდება.

აფრიკის თასის მთავარი ფავორიტები:

  1. სენეგალი - 12,8%

  2. კოტ-დ'ივუარი - 12,1%

  3. მაროკო - 11,1%

  4. ალჟირი - 9,7%

  5. ეგვიპტე - 8,5%

  6. ნიგერია - 8%

  7. კამერუნი - 7,4%

  8. ტუნისი - 6,3%

  9. განა - 5,3%

  10. მალი - 3,7%

  11. კონგო - 2,4%

  12. სამხრეთ აფრიკა - 2,1%

  13. ბურკინა ფასო - 1,9%

  14. გვინეა - 1,5%

  15. ზამბია - 1,4%

  16. კაბო ვერდე - 0,9%

  17. გვინეა-ბისაუ - 0,8%

  18. ეკვატორული გვინეა - 0,8%

  19. გამბია - 0,6%

  20. ტანზანია - 0,6%

  21. მავრიტანია - 0,6%

  22. მოზამბიკი - 0,6%

  23. ანგოლა - 0,5%

  24. ნამიბია - 0,5%

სხვა სტატიები