ადრიენ რაბიო: "არავისი გვეშინია, მათ შორის არც ესპანეთის ნაკრების"
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთთან შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და მეტოქის ძალებზე ისაუბრა. ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მეტოქეს პატივს სცემს, თუმცა არავისი ეშინია და ლამინ იამალის პირისპირ განსაკუთრებული გეგმის მომზადებას არ აპირებს.
"არა, რაიმე სპეციალური გეგმა იამალის წინააღმდეგ არ გვაქვს. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ მთლიანად ესპანეთის ნაკრებზე და არა რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეზე. ვიცით, რომ ისინი სახიფათოები არიან მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში: ბურთის ფლობისას, საჯარიმოსთან ახლოს, ვიწრო სივრცეებში, კომბინაციურ თამაშსა თუ შეტევაში. ჩვენი მიზანი მათი სათამაშო სისტემის შეზღუდვაა და არამხოლოდ ერთი ფეხბურთელის.
ჩვენ არავისი გვეშინია. თუ გავითვალისწინებთ იმ გზას, რომელიც აქამდე გამოვიარეთ, ვფიქრობ, ნახევარფინალს საუკეთესო ფორმაში ვხვდებით. ამაზე უკეთ მომზადებულები აქ ყოფნას ვერც კი შევძლებდით. ყველაფერს მოედანი გადაწყვეტს, თუმცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ მზად ვიყოთ.
გუნდში ნამდვილი ერთიანობა იგრძნობა. რთულია იმის ახსნა, თუ რატომ ჩნდება ეს ქიმია, მაგრამ მოედნის მიღმა ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მგონია, რომ ეს ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მწვრთნელისთვისაც იყო რთული მომენტები, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ვიცით, რომ ეს მისი ბოლო ტურნირია საფრანგეთის ნაკრებში და ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს", - ამბობს ადრიენ რაბიო.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საწყისი ნახევარფინალური მატჩი 14 ივლისს, არლინგტონში უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყოს.