"ეტყობა, დამსახურებული ფეხბურთელი არ ვარ" | კროოსი კლოპზე გაბრაზებულია
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - იურგენ კლოპი, გუნდის ახალი პროექტის ფარგლებში „ბუნდესნაკრების“ ვეტერანი და დამსახურებული ფეხბურთელების მხარდაჭერას ეძებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი ტონი კროოსი ამ სიას მიღმა დარჩა. თავის ძმასთან, ფელიქსთან ერთად ჩაწერილ პოდკასტში, რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა იუმორით აღნიშნა, რომ კლოპისგან სპეციალური მიმართვა მას საერთოდ არ მიუღია.
საქმე ეხება სპეციალურ წერილს, რომელიც კლოპმა ეროვნული გუნდის ყოფილ ვარსკვლავებს გაუგზავნა. წერილში მწვრთნელი აღნიშნავდა, რომ მისთვის დიდი პატივია ნაკრების გაძღოლა და ვეტერანებს მოუწოდებდა, ევრო 2028-ისკენ მიმავალ გზაზე გუნდის გვერდით მდგარიყვნენ.
კროოსმა კი პოდკასტის ჩაწერისას ელფოსტა კიდევ ერთხელ შეამოწმა და ხუმრობით აღნიშნა.
„ეს ამბავი მეც წავიკითხე, მაგრამ ჩემთან არაფერი მოსულა. ეტყობა, საკმარისად დამსახურებული ფეხბურთელი არ ვარ. ახლა იძულებული ვარ, კლოპს WhatsApp-ზე თავად მივწერო და ვკითხო, სადაა ჩემი წერილი-მეთქი..." - ტონი კროოსი
კროოსს, რომელმაც „ბუნდესნაკრების“ მაისურით 114 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა, პოდკასტში ეროვნული გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ხუმრობა არც ამჯერად დავიწყებია. მან ირონიულად აღნიშნა, რომ კლოპის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის პავლოვიჩი, ვირცი და მუსიალა ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ არ ყოფილან. საბოლოოდ, სამივე მათგანი კლოპის გაფართოებულ განაცხადში მოხვდა, სადაც ნაკრები მორიგი მატჩებისთვის ემზადება.