Belive

4-წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, რუსეთი, შესაძლოა, საერთაშორისო ფეხბურთს დაუბრუნდეს

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მას შემდეგ, რაც ფიფამ 15-წლამდელთა ტურნირის შესახებ გამოაცხადა, რომელიც ორგანიზაციის ყველა წევრისთვის ღია იქნება, რუსეთი, შესაძლოა, საერთაშორისო ფეხბურთს დაუბრუნდეს. ინფორმაციას The Athletic ავრცელებს.

რუსეთის ეროვნულ ნაკრებებსა და ადგილობრივ კლუბებს ფიფასა და უეფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის გამო აუკრძალეს. მაშინ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ RFU (რუსეთის საფეხბურთო კავშირი) კვლავ რჩება ორგანიზაციების წევრად.

ოთხშაბათს ჯანი ინფანტინომ ახალი ტურნირის შექმნის შესახებ ისაუბრა:

იგეგმება 15-წლამდელთა ფესტივალის სტილის ტურნირის შექმნა, რომელიც ღია იქნება ფიფას წევრი 211-ვე ასოციაციისთვის.

პირველი ტურნირი ვაჟებს შორის 2026 წელს გაიმართება, გოგონებს შორის კი ჩემპიონატი 2027 წლისთვის ჩაინიშნა.

მმართველ ორგანოში განაცხადეს, რომ ტურნირში თითოეულ წევრ ასოციაციას მიიწვევენ, მათ შორის რუსეთსაც, თუმცა, დიდი ალბათობით, რუსეთის სხვა ტურნირებში ხელახლა მიღება უკრაინაში მიმდინარე ომზე იქნება დამოკიდებული.

გასულ კვირას საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს ახალგაზრდულ დონეზე ეროვნული დროშისა და ემბლემის ქვეშ ასპარეზობის უფლება მიეცეთ. 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ამ ქვეყნების წარმომადგენლები ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ. IOC-ში ისიც განაცხადეს, რომ ბელარუსს საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის უფლება კვლავ უნდა აღუდგეს, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა რუსეთზე ისევ უნდა გავრცელდეს.