,,პირველად ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, არცერთი ბრიტანელი არ დაუპატიმრებიათ'' - ინფანტინო ხუმრობის გამო გააკრიტიკეს
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ხუთშაბათს, შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიებაზე აშშ-ში არსებული შიდა დაძაბულობის გამო შეშფოთება გამოთქვეს, გარდა ამისა, ისაუბრეს ბილეთების მაღალ ფასზეც.
ინფანტინომ აღნიშნა, რომ კატარის მუნდიალის დაწყების წინაც დიდი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა ტურნირი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩატარდა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა საუბრისას ბრიტანელებზეც იხუმრა:
,,კატარის მსოფლიო ჩემპიონატის წინაც უამრავი კრიტიკა ისმოდა, მაგრამ საბოლოოდ მშვენიერი ტურნირი მივიღეთ. ფაქტობრივად, არანაირი ინციდენტი არ გვქონია. წარმოიდგინეთ, პირველად ისტორიაში, მუნდიალის დროს არცერთი ბრიტანელი არ დაუპატიმრებიათ... ეს რაღაც ნამდვილად, ნამდვილად განსაკუთრებულია!'' - ჯანი ინფანტინო
ინფანტინოს კომენტარს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფიფას პრეზიდენტის ხუმრობას, ფეხბურთის გულშემატკივრების ასოციაციამ (FSA) ასე უპასუხა:
,,გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენს გულშემატკივრებზე იაფფასიანი ხუმრობის ნაცვლად, მან იაფ ბილეთებზე უნდა იზრუნოს.'' - FSA
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.
Cheap jokes instead of cheap tickets. https://t.co/iRoVvtb1Dk
— The FSA (@WeAreTheFSA) January 22, 2026