Belive

2 კანდიდატი დაემატა | FIFA-ს პრეზიდენტობის არჩევნებისთვის ინფანტინოს კონკურენტები გამოუჩნდა

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის - ფილიპ დიალოს კანდიდატურა ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე მიღებულია. ის იმ სამი გაცხადებული კანდიდატიდან ერთ-ერთია, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს უმაღლესი თანამდებობისთვის იბრძოლებენ - დიალოსთან ერთად სიაში არიან ფიფას მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი და ფიფას საბჭოს წევრი - კოძო ტაშიმა. დიალოს კანდიდატურას წინ უძღოდა ევროპული საფეხბურთო ასოციაციების მხარდაჭერა და მზარდი უკმაყოფილება ინფანტინოს მმართველობის მიმართ, რის ფონზეც ფრანგი ორგანიზაციაში მმართველობის გაძლიერებისა და რეფორმების ინიციატივით გამოდის.

წარდგენილი კანდიდატურები ჯერ კიდევ უნდა შეამოწმოს და დაამტკიცოს ფიფას საარჩევნო კომიტეტმა, რომელიც კანდიდატების შესაბამისობასა და კეთილსინდისიერებას შეაფასებს. დამტკიცებული კანდიდატების საბოლოო სია 211 წევრ ასოციაციას არაუგვიანეს 2027 წლის 18 თებერვალს ეცოდინება.

თავად საპრეზიდენტო არჩევნები ფიფას 77-ე კონგრესის ფარგლებში, 2027 წლის 18 მარტს, მაროკოს დედაქალაქ რაბატში გაიმართება. კენჭისყრაში მონაწილეობას ფიფას 211 წევრი ასოციაცია მიიღებს, ხოლო ჯანი ინფანტინო, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, მორიგი ვადით არჩევას შეეცდება.

სხვა სტატიები