ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ლონდონის "ჩელსიმ" "ლუტონიდან" 3 ძმა შეიძინა. ამ ტრანსფერში პირადად ლონდონური კლუბის მფლობელი - რომან აბრამოვიჩი მონაწილეობდა, რომელმაც მაშინ განაცხადა: "ეს ბიჭები ისეთი ფეხბურთელები გაიზრდებიან, რომლებიც ჩვენი კლუბის ისტორიას დაწერენ".
სამი ძმიდან ორნი: რიო და კოული ტყუპები, 12 წლის ბავშვები იყვნენ, მესამე, უფროსი ძმა ჯეი კი 13 წლის იყო.
”ეს არის ისტორიული გარიგება” - განაცხადა იმდროინდელმა ლუტონის ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელმა - გრეგ ბროტონმა.
მოდით ვნახოთ, სად არიან "ისტორიული გარიგების" მთავარი მოქმედი პირები: რიო, კოულ და ჯეი დასილვები "ჩელსიში" ტრანსფერიდან 10 წლის შემდეგ.
ჯეი დასილვა
ჯეი დასილვას შესახებ შესაძლოა ბევრი კარგი რამ გსმენიათ. იგი ახლა 24 წლის არის, ამპლუით მცველია და ჩემპიონშიფში "ბრისტოლ სიტის" შემადგენლობაში თამაშობს.
"ჩელსიში" ყოფნისას მან ვერ შეძლო პირველ გუნდში თამაში, თუმცა ორჯერ მოიგო უეფას ახალგაზრდული ლიგა 2014/15 და 2015/16 წლებში. მან ასევე ინგლისის ეროვნული ნაკრების გარდა, ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. ბოლოს ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა (2018-2019 წლებში), სადაც 13 მატჩი ჩაატარა.
რიო დასილვა
რიოს საფეხბურთო კარიერა ნამდვილად ვერ განვითარდა. "ჩელსის" ახალგაზრდული კლუბი 2016 წელს დატოვა, რადგან მას ლონდონურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა. "ჩელსის" დატოვების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში მას ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე არ უთამაშია, თუმცა 2018 წელს ინგლისის სამოყვარულო კლუბ "დანსტაბლ თაუნში" გადავიდა.
ახლა იგი 23 წლის არის და 2019 წლიდან "ჰიჩინ თაუნში" თამაშობს, რომელიც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მე-7 დივიზონში ასპარეზობს.
კოულ დასილვა
რიოს ტყუპისცალმა კოულმა, "ჩელსიში" რიოზე დიდიხანი გაატარა და მასზე კარგი ფეხბურთიც ითამაშა. კოულმა ჩელსის U21 კლუბში 18 მატჩი ჩაატარა, ასევე 27 თამაში ითამაშა ლონდონური კლუბის U19 გუნდში.
2018 წელს, "ჩელსის" დატოვების შემდეგ მან კარიერა ძალიან ცოტახნით "ბრენტფორდსა" და "ლესტერში" გააგრძელა, შემდეგ კი ხორვატიის ჩემპიონატში, კერძოდ კი "სიბენიკში" გადავიდა, სადაც მხოლოდ 4 მატჩი ითამაშა და კვლავ სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კოულის კარიერა "ოქსფორდ სიტიში" გრძელდება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მან ეროვნება შეიცვალა და უელსის ნაკრებში სცადა ბედი, სადაც 2017-2019 წლებში უელსის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. მან 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა მას შემდეგ 23 წლის კოულ დასილვას ნაკრებში აღარ იძახებენ.