"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასწაული კვლავ მოვახდინოთ" - გიორგი მამარდაშვილი
4 თვის წინ
ევრო 2024
1 წთ
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორია დაწერა და 1/8-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. პრინციპული მატჩის წინ, ჟურნალისტებთან გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.
განწყობაზე ლაპარაკი ზედმეტია. რთულ მეტოქეებს ვეთამაშებით და რა თქმა უნდა, თითოეულ ფეხბურთელს კონცენტრაცია და მოტივაცია მაღალ დონეზე გვაქვს. ვემზადებით 100%-ით და ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, რადგან ესპანეთი ფავორიტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ.
რა თქმა უნდა, გვინდა ესპანეთთან რევანშის აღება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად და მეტი კონცენტრაციით და ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ თამაშში.
პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, გასახდელში რა ხდებოდა არ ვიცი, რადგან ეგრევე დოპინგ ტესტზე გამიყვანეს, მაგრამ ვნახე რა ხდებოდა თბილისში და ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ქართველი ერი ისევ გაერთიანდა და კიდევ ერთი სიხარული ვაჩუქეთ მათ. ჩვენ მებრძოლი სულის მატარებელი ხალხი ვართ და ყოველთვის ვიბრძოლებთ, სანამ 1% მაინც იქნება იმის შანსი დარჩენილი, რომ გავიდეთ. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. - გიორგი მამარდაშვილი.
შეგახსენებთ, ესპანეთისა და საქართველოს მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე, კიოლნში გაიმართება.