მოსალოდნელია ქარიშხალი - დორტმუნდში საგულშემატკივრო ზონები დაიხურა
საქართველო-თურქეთის მატჩის წინ, დორტმუნდის ცენტრში, ევროპის ჩემპიონატის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა და ქალაქის პარკში თამაშის საყურებლად მოწყობილი სივრცე ქარიშხლის საფრთხის გამო დაიხურა.
ინფორმაციას ქალაქ დორტმუნდის ხელმძღვანელობა ავრცელებს და გულშემატკივრებს, ვისაც სტადიონზე თამაშის დასასწრებად ბილეთები არ აქვთ, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, რის საფუძველზეც გულშემატკივართა ზონები დაიხურა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ კიდევ სამ ქალაქში - კიოლნში, დიუსელდორფსა და გელზენკირხენში.
დღეს, 18 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველ, ისტორიულ შეხვედრას გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.