Belive

გიორგი ქინქლაძე: "კვარა კვარაა, მის აღსაწერად სიტყვები არ კმარა"

4 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, გიორგი ქინქლაძემ, FourFourTwo-სთან ინტერვიუში ნაკრების ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და გუნდში მისი როლი შეაფასა. დღეს ქართველები, ისტორიულ შეხვედრაში, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გიორგი ქინქლაძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 58-ჯერ უთამაშია, თუმცა მისი ოცნება - დიდ სანაკრებო ფორუმზე მიეღო მონაწილეობა, მხოლოდ ახლა აუხდა ქვეყანას - ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობით.

ნაპოლის გარემარბმა ოთხი გოლი გაიტანა საკვალიფიკაციო ეტაპზე და საერთო ჯამში 15 გოლი დაუგროვდა - ეს ყველა დროის მესამე საუკეთესო შედეგია შოთა არველაძის (26) და თემური ქეცბაიას (17) შემდეგ.

კვარა კვარაა, მის აღსაწერად სიტყვები არ კმარა. მან მოიტანა იმედი, სიხარული და ბედნიერება. ის არის მისაბაძი მაგალითი ბავშვებისთვის, გულშემატკივრებისთვის და თანაგუნდელებისთვის.

ჩემი ერთადერთი რჩევა ხვიჩასადმი იქნება - გააგრძელოს ისე თამაში, რომ სიამოვნება თავად მიიღოს. ბრძოლა გარდაუვალია, ექნება აღმავლობა და ვარდნა, მაგრამ თავდადება და საქმისადმი სერიოზული მიდგომა ყველაფერს მოიტანს. ის მსოფლიოს დაპყრობას აპირებს.

რა თქმა უნდა, გამორჩეულ ნიჭს გამორჩეული მოთამაშეები ფლობენ და მისი როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გუნდი მხოლოდ კვარაზეა დამოკიდებული - განაცხადა გიორგი ქინქლაძემ

თურქეთთან შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი დანაკლისი ოთარ კიტეიშვილია, რომელმაც დაზიანება მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. სხვა მხრივ, გუნდის 25 ფეხბურთელი ზიგნალ იდუნა პარკზე სათამაშოდ მზადაა.

სხვა სტატიები