Belive

"ჩვენ ზეწოლას არ ვგრძნობთ" - ზივზივაძე და კაკაბაძე თურქებთან ინტერვიუში

5 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

18 ივნისს ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის ისტორიული მატჩი ჩატარდება. სადებიუტო ევროზე საქართველო პირველ შეხვედრას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მანამდე, თურქული მედიის, milliyet- ის ჟურნალისტები საქართველოს ვარჯიშზე ესტუმრნენ და რამდენიმე ფეხბურთელისგან ინტერვიუც აიღეს.

თურქი ჟურნალისტის მიერ საქართველოს ნაკრების ზოგადი შეფასება:

"უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნაკრები ძალიან კომფორტულ სიტუაციაშია... მათ უკვე მიაღწიეს დიდ წარმატებას, ამიტომ ისინი არ გრძნობენ ზეწოლას.

მათი ტაქტიკური განლაგება არის 3-5-2. დაცვაში 5-კაციანი დაცვის ხაზია. გუნდის ვარსკვლავი კვარაცხელიაა... გარდა კლასიკური ფლანგური ზონისა, ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში ცენტრთან ახლოსაც თამაშობს და ცდილობს გუნდს პასების გადანაწილებით ეფექტი გაუზარდოს. დისციპლინირებული გუნდია - ასე გავიდა პირველი გოლი მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში".

ჩვენთვის ოცნება ასრულდა. ბავშვობაში ოცნებობ, რომ შენმა ნაკრებმა ასეთ ტურნირზე ითამაშოს. ჩვენ გავაკეთეთ ეს. ამით ვამაყობთ და ძალიან ბედნიერები ვართ.

არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობთ. ეს ჩვენი პირველი მატჩია და ჩვენგან წარმატების დიდი მოლოდინი არავის აქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე. ფეხბურთი ასეთია. ის, რაც თქვენ გააკეთეთ წარსულში, წარსულში დარჩა. წინ უნდა იყურო. ჩვენც ასე ვართ. მეტი გვინდა. ჩვენ გვინდა ვიყოთ წარმატებული როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის. თურქეთი კარგი გუნდია. ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ჯგუფის მატჩებს ვუყურეთ. ფავორიტი შესაძლოა ქაღალდზე თურქეთი იყოს. მაგრამ ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ფავორიტი ქაღალდზე. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს. - ბუდუ ზივზივაძე milliyet-თან ინტერვიუში

თურქულ მედიას ესაუბრა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველიც, ოთარ კაკაბაძე, რომელმაც ჯგუფის ფავორიტი დაასახელა და გასვლის შანსები შეაფასა.

თურქეთი კარგი გუნდია და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ეს ჩვენი პირველი მატჩია და კარგად ვემზადებით. ჩემი აზრით, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალიაა. დარჩენილ სამ გუნდს თანაბარი შანსი აქვს. სტადიონზე იმდენი ხალხი იქნება და ისეთი ატმოსფერო, რომ ეს მატჩს კიდე უფრო საინტერესოს გახდის. - განაცხადა ოთარ კაკაბაძემ

ჩვენს ჯგუფში პირველ შეხვედრებში ერთმანეთს საქართველო თურქეთს, ხოლო ჩეხეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება. 18 ივნისს საქართველოს ნაკრების მატჩი ქალაქ დორტმუნდში, ზიგნალ იდუნა პარკზე გაიმართება.

სხვა სტატიები