Belive

'უარი დოპინგ ტესტირებაზე' | ფრანგი ჩოგბურთელი ჩოგბურთს შესაძლოა 4-წლით ჩამოაშორონ

1 დღის წინ ჩოგბურთი
3 წთ

ფრანგი ჩოგბურთელი - არტურ რინდერკნეში ანტისადოპინგო წესების დარღვევის ბრალდებით შესაძლო ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე დგას. გამოცემა 'L’Équipe'-ის ინფორმაციით, ჩოგბურთის საერთაშორისო სამართლიანობის სააგენტომ (ITIA) 31 წლის სპორტსმენს ბრალი ივნისში, ბრეტანში ჩასატარებელ არასაშეჯიბრო ტესტირებაზე უარის თქმის გამო წაუყენა.

ინფორმაციის გასაჯაროებიდან რამდენიმე საათში რინდერკნეშმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში განცხადება გაავრცელა, ბრალდება კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. მისი თქმით, მას არასოდეს მიუღია აკრძალული ნივთიერებები, საქმის განხილვა კი უკვე დამოუკიდებელ ტრიბუნალს გადასცა, სადაც სიტუაციის ყველა დეტალს წარადგენს, თუმცა მოსმენამდე საჯარო კომენტარებისგან თავს შეიკავებს.

ფრანგული პრესის ცნობით, ინციდენტი, სავარაუდოდ, სერიოზულ გაუგებრობას უკავშირდება. ივნისში რინდერკნეში სახლიდან მატარებელზე მისასწრებად გადიოდა, როდესაც მას ინგლისურენოვანი დოპინგ-კონტროლის ოფიცერი დახვდა. სავარაუდოდ, ჩოგბურთელმა ჩათვალა, რომ წასვლა მხოლოდ ტესტის გაცდენად ჩაეთვლებოდა, რის გამოც სანქცია მხოლოდ 12 თვის განმავლობაში სამი ასეთი შემთხვევის დაგროვებისას დგება. თუმცა, მოქმედი რეგულაციებით, მას შემდეგ, რაც ოფიცერი სპორტსმენს პირადად აცნობებს ტესტირების შესახებ, მას უარის თქმის უფლება აღარ აქვს. გაუგებრობის ფონზე რინდერკნეშმა ხელი მოაწერა ოქმს, რომლითაც ტესტზე უარი ოფიციალურად დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევისთვის გათვალისწინებული ოთხწლიანი სასჯელი შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ორ წლამდე შემცირდეს.

ბრალდების შესახებ რინდერკნეშს სექტემბრის შუა რიცხვებში, კვებეკში დევისის თასის მატჩების მიმდინარეობისას ეცნობა. ვინაიდან ტესტზე უარი ავტომატურად დროებით დისკვალიფიკაციას არ იწვევს, ფრანგმა სეზონის ჩამთავრება შეძლო და პარიზის მასტერსის მერვედფინალშიც ითამაშა, სადაც ბენ შელტონთან გადამწყვეტი სეტის ტაიბრეიკში დამარცხდა. პროცედურული წესების თანახმად, საბოლოო ვერდიქტამდე საქმე კონფიდენციალური რჩება და საქმის მოსმენა, სავარაუდოდ, თებერვლამდე არ გაიმართება.

ეს შემთხვევა 2023 წლის უიმბლდონის ჩემპიონის - მარკეტა ვონდრუშოვას პრეცედენტს მოგვაგონებს. ჩეხმა ჩოგბურთელმა 2025 წლის დეკემბერში პრაღაში, საკუთარ სახლში მისულ ოფიცერს ტესტირებაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ მისი შესამოწმებელი დროის ფანჯარა დილის საათებში იყო, რის გამოც 2026 წლის ივნისში ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრა.

რაც შეეხება 2025 წლის შანხაის მასტერსის ფინალისტსა და საფრანგეთის ყოფილ პირველ ჩოგანს, რინდერკნეშისთვის ეს სკანდალი რთულ პერიოდს დაემთხვა - მან ახლახან დაასრულა 18-თვიანი თანამშრომლობა მწვრთნელ ლუკა პუისთან, რომელიც ტურში მოთამაშის რანგში ბრუნდება. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ფრანგ ჩოგბურთელს ტურნირებში ასპარეზობის უფლება სრულად უნარჩუნდება.

სხვა სტატიები