კარლოს ალკარასი: "სინერი ძალიან მაკლია, ერთი სული მაქვს როდის დაბრუნდება"
იანიკ სინერის ტრავმა ოფიციალურად დადასტურდა - იტალიელმა ჩოგბურთელმა 25 ნოემბერს მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც სეზონის პირველ 'დიდი სლემის' ტურნირს, ავსტრალიის ღია პირველობასაც გამოტოვებს. სინერის ხანგრძლივი უქმობა საჩოგბურთო სამყაროსთვის სერიოზული დანაკლისია, თუმცა მისი გუნდის გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაზე და სრულფასოვან რეაბილიტაციაზეა გათვლილი.
იტალიელის მდგომარეობასა და ოპერაციის გადაწყვეტილებას კარლოს ალკარასიც გამოეხმაურა. ესპანელმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ სინერი და მისი თამაში ჩოგბურთს აკლია, თავად კი ძველი მეტოქე და მეგობარი აპრილის შემდეგ არ უნახავს. ალკარასის თქმით, სინერის გუნდმა სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან 24-25 წლის ასაკში მთელი კარიერა წინ აქვს და დარწმუნებულია, რომ იტალიელი კორტს კიდევ უფრო ძლიერი დაუბრუნდება...
"ცხადია, ვიტყვი, რომ ჩოგბურთს ის აკლია. მეც მაკლია. აპრილის შემდეგ ერთმანეთი არ გვინახავს.
რაც შეეხება ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, მისმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ის ახალგაზრდაა, წინ მთელი წლები აქვს. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო უკეთესი დაბრუნდება.
ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ვარჯიშისას და კორტზე დაბრუნებულს - ვუსურვებ საუკეთესო და სწრაფ გამოჯანმრთელებას, და იმედია, მალე ტურში შევხვდებით და ვისაუბრებთ..." - კარლოს ალკარასი
The tour isn't quite the same without Jannik Sinner ❤️ pic.twitter.com/TCLdKcLC8e
— TNT Sports (@tntsports) November 26, 2026
ალკარასმა სინერს სწრაფი გამოჯანმრთელობა უსურვა და დასძინა, რომ მოუთმენლად ელოდება მის ვარჯიშებზე დაბრუნებასა და ტურში შეხვედრას. ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვების მიუხედავად, მთავარი მიზანი მუხლის სრული აღდგენაა, რათა სინერმა სეზონის დარჩენილ ნაწილში კვლავ უმაღლეს დონეზე შეძლოს კონკურენციის გაწევა.