Belive

შესანიშნავი ამბავი თუ კატასტროფა? ალკარასის მომავალი ერთ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

7 საათის წინ ჩოგბურთი
2 წთ

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა, მაჯის ტრამვის გამო, უკვე ოთხი თვე გამოტოვა. ამის გამო, ესპანელი ჩოგბურთელი უკვე ისეთ ტურნირებს გამოაკლდა, როგორებიცაა მადრიდისა და რომის ღია პირველობა, კანადის მასტერსი, უიმბლდონი და როლან გაროსი. ალკარასმა, ბოლოს, 2026 წლის 14 აპრილს ითამაშა, სადაც ბარსელონას ღია პირველობაზე, ფინელი ოტო ვირტანენი, ორ სეტში - 6:4 6:2 დაამარცხა.

ალკარასზე ყოფილმა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, გრეგ რუსედსკიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანელისთვის, მოახლოებულ ცინცინატის მასტერსზე მონაწილეობას გადამწყვეტი ფაქტორი იქნება მისთვის ამერიკის ღია პირველობაზე სათამაშოდ. საჩოგბურთო პოდკასტ Off Court - ში საუბრისას, რუსედსკი ამ საკითხს შეეხო და საკმაოდ პირდაპირიც იყო.

ალკარასს US Open-ზე მონაწილეობის რაიმე შანსი რომ ჰქონდეს, მან ცინცინატში აუცილებლად უნდა ითამაშოს. თუ ის ცინცინატში ითამაშებს და მისი მაჯა დატვირთვას გაუძლებს, ეს ჩოგბურთისთვის შესანიშნავი იქნება, რადგან ძალიან გვჭირდება მისი დაბრუნება. ხოლო თუ ის ცინცინატს გამოაკლდება, მაშინ ვერც US Open-ზე გამოვა და ჩოგბურთს ძალიან დიდი ხნით ჩამოშორდება. ახლა საჭიროა, რომ მან ჭკვინაურად იმოქმედოს და სწორად, ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვის გარეშე გააგრძელოს ვარჯიში. - განაცხადა ყოფილმა ჩოგბურთელმა

მიუხედავად იმისა, რომ ალკარასის სახელი უკვე ცინცინატის ტურნირის მონაწილეთა სიაშია, ეს გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ის რეაბილიტაციას. არსებობს ალტერნატიული შესაძლებლობა იმისა, რომ ალკარასი დიდი სლემის დაწყებამდეც დაბრუნდეს, მაგრამ რაიმეს წინასწარ დაზუსტებით თქმა ძნელია.

ალკარასმა, 23 წლის ასაკში, უკვე ოთხივე დიდი სლემი მოიგო. ხოლო ჯამში, 7 დიდი სლემის ტიტული აქვს მოპოვებული. ამერიკის ღია პირველობა (2022; 2025), უიმბლდონი (2023; 2024), როლანდ გაროსი (2024; 2025) და ავსტრალიის ღია პირველობა (2026).