საქართველოს ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის თასზე მესამე გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები, პორტუგალიის ქალაქ ოეირასში მიმდინარე “ბილი ჯინ კინგ თასის” ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ირლანდიისა (2:1) და სამხრეთ აფრიკის (3:0) დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდა და ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.
- საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ბილი ჯინ კინგის თასზე
- საქართველოს ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა
დღის პირველ შეხვედრაში, კლაუდია ბუბელიტესა და სოფია შაფათავას დაპირისპირება შედგა. პირველი სეტის სასურველი შედეგით დასრულების მიუხედავად, ქართველი ჩოგბურთელი მეტოქესთან 3-სეტში (4:6, 7:6 (7:4), 6:0) დამარცხდა.
ერთეულთა თანრიგის მეორე შეხვედრაში, იუსტინა მიკულსკიტესა და ეკო გორგოძის დაპირისპირება გაიმართა, რომელიც 3-სეტში ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა (5:7, 6:4, 1:6).
პირველი სეტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ, საბოლოოდ ეკო გორგოძემ გარდატეხის შეტანა შეძლო და სეტი მის სასარგებლოდ დაასრულა (5:7). მეორე სეტში მოვლენები იდენტური სცენარით განვითარდა და მიკულსკიტეს გამარჯვებით (6:4) დასრულდა. მესამე სეტში ეკო გორგოძემ მობილიზება შეძლო და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა (1:6).
გადამწყვეტი წყვილთა თანრიგის შეხვედრა აღმოჩნდა, რომელშიც იუსტინა მიკულსკიტესა და პატრიცია პაუკსტიტეს დუეტი - გორგოძისა და კალაშნიკოვას წყვილს დაუპირისპირდა.
გორგოძე/კალაშნიკოვას დუეტმა მოწინააღმდეგე 2-სეტში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა (0:6, 2:6).
შეგახსენებთ, რომ B-ჯგუფში საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ესტონეთსა და კოსოვოსაც დაუპირისპირდება. A და B-ჯგუფების საუკეთესოები I ჯგუფში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.