Belive

საქართველოს ნაკრები პრინციპულ დაპირისპირებაში დამარცხდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

პორტუგალიის ქალაქ ოეირასში მიმდინარე “ბილი ჯინ კინგ თასის” ტურნირზე, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები პრინციპულ დაპირისპირებაში დამარცხდა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი დაკარგა.

ირლანდიის (2:1), სამხრეთ აფრიკის (3:0), ლიეტუვასა (2:1) და კოსოვოს (3:0) ბარიერის გადალახვის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა (0:3).

ესტონეთი საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების პრინციპული მეტოქე გახლდათ. ქვეჯგუფის ყველაზე ძლიერ მონაწილეებად საქართველო და ესტონეთი მიიჩნეოდნენ და პირველი ადგილისათვის დიდი ბრძოლა გაიმართა.

ერთეულთა თანრიგის პირველ შეხვედრაში, მაილენ ნუუდისა და სოფია შაფათავას დაპირისპირება შედგა, რომელშიც ესტონელმა ჩოგბურთელმა 2-სეტში (7:6 (7:5), 6:3) გაიმარჯვა.

მეორე მატჩში ეკატერინა მალიგინასა და ეკო გორგოძის დაპირისპირება გაიმართა. პირველი სეტი ესტონელი ჩოგბურთელის გამარჯვებით (6:3) დასრულდა. მეორე სეტში გორგოძემ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და დაპირისპირებას ჩაეხსნა.

წყვილთა თანრიგში ლაურა რანელისა და მაილენ ნუუდის დუეტი ნათელა ძალამიძისა და ნინო ნაცვლიშვილის წყვილს დაუპირისპირდა. მატჩი 2-სეტში (7:5, 6:0) საქართველოს ნაკრების მარცხით დასრულდა, თუმცა აღნიშნული დაპირისპირების შედეგს ისედაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

დასკვნით შეხვედრაში განცდილი მარცხის შედეგად, საქართველო მეორე ადგილს დასჯერდა, B-ჯგუფის საუკეთესო წარმომადგენელი კი ესტონეთი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნაკრებები პლეი-ოფში ჯვარედინი პრინციპით A-ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ტურნირის 2 საუკეთესო ნაკრები I ჯგუფში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის შესაძლებლობას მიიღებს.

სხვა სტატიები