რეიტინგები განახლდა | ალკარასი და საბალენკა რეიტინგს ლიდერობენ, TOP 10-ში დიდი ცვლილებებია
ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა რეიტინგში.
აქვე სანამ გაგაცნობთ მსოფლიოს განახლებულ რეიტინგებს, გაგახსენებთ, რომ მამაკაცთაგან ავსტრალიის ღია პირველობა - კარლოს ალკარასმა მოიგო, ქალთა შორის კი სლემის გამარჯვებული - ელენა რიბაკინა გახდა.
ATP რეიტინგი
მსოფლიოს რეიტინგს ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, 22 წლის კარლოს ალკარასი ლიდერობს, რომელმაც სლემის გამარჯვებით 1600 სარეიტინგო ქულა დაიმატა და 13 650 ქულით, რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერია. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ალკარასი მსოფლიოს პირველი ჩოგანი მინიმუმ უიმბლდონამდე იქნება.
1200 ქულა დააკლდა რეიტინგში 2-გზის ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონს - იანიკ სინერს, თუმცა 10 300 ქულით იგი მეორე ნომერია.
მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა ლეგენდარულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც 500 სარეიტინგო ქულა დაიმატა და 5 280 ქულით იგი რეიტინგის მსოფლიოს ახალი მესამე ნომერია.
მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა ალექსანდ ზვერევმა, რომელიც 1/2-ფინალში ალკარასთან დამარცხდა და რეიტინგში 500 ქულა მოაკლდა.
მეხუთე და მეექვსე პოზიციები უცვლელია, თუმცა მეშვიდე (მეცხრედან) პოზიციაზე გადაინაცვლა ტეილორ ფრიცმა, რომლის ანგარიშზეც 3 940 სარეიტინგო ქულაა.
მერვე ნომრად დარჩა ფელიქ ოჟე ალიასიმი, ხოლო მეცხრე პოზიციაზე დაქვეითდა (მეშვიდედან) ბენ შელტონი. რეიტინგის TOP 10-ს კი ალექსანდრ ბუბლიკი ასრულებს.
საბოლოოდ მამაკაცთა რეიტინგის TOP 10 შემდეგნაირად გამოიყურება:
კარლოს ალკარასი
იანიკ სინერი
ნოვაკ ჯოკოვიჩი
ალექსანდრ ზვერევი
ლორენცო მუსეტი
ალექს დე მინო
ტეილორ ფრიცი
ფელიქს ოჟე ალიასიმი
ბენ შელტონი
ალექსანდრ ბუბლიკი.
WTA რეიტინგი
მამაკაცთა რეიტინგის მსგავსად, ქალთა მსოფლიო რეიტინგშიც პირველი და მეორე ნომრები არ შეცვლილა. მიუხედავად ფინალში მარცხისა, არინა საბალენკა კვლავ მსოფლიოს პირველ ნომრად რჩება - მის ანგარიშზე 10 990 სარეიტინგო ქულაა.
მეორე პოზიციაზე დარჩა პოლონელი იგა სვიატეკი, თუმცა მას მსოფლიო რეიტინგში ქულებით ძალიან მიუახლოვდა ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი - ელენა რიბაკინა, რომელიც ავსტრალიაში ტრიუმფით მსოფლიოს მესამე ნომერი გახდა (მეხუთედან).
რეიტინგში 2 პოზიცია დაკარგა კოკო გოფმა და მესამედან მეხუთე ნომრად გადავიდა.
1 პოზიციით დაწინაურდა შვეიცარიელი - ბელინდა ბენჩიჩი, ხოლო დიდხნიანი პაუზის შემდეგ, TOP 10-ში კვლავ აღზევდა უკრაინელი - ელინა სვიტოლინა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ტიტული ვერ დაიცვა ამერიკელმა - მედისონ კიზმა, რომელიც ამის გამო მსოფლიოს TOP 10-დან ამოვარდა და მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა (მეცხრედან).
საბოლოოდ ქალთა რეიტინგის TOP 10 შემდეგნაირად გამოიყურება.
არინა საბალენკა
იგა სვიატეკი
ელენა რიბაკინა
ამანდა ანისიმოვა
კოკო გოფი
ჯესიკა პეგულა
მირა ანდრეევა
ჟასმინ პაოლინი
ბელინდა ბენჩიჩი
ელინა სვიტოლინა.