რაფა ნადალი: "ერთ დღეს მინდა, რომ მადრიდის რეალის პრეზიდენტი გავხდე..."
ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა - რაფა ნადალმა, ესპანურ ტელევიზიაში მადრიდის "რეალის" მომავალ პრეზიდენტობაზე ისაუბრა.
რაფა ნადალი მადრიდის "რეალის" საპატიო წევრია და მას სურს, რომ ერთ დღეს უხელმძღვანელოს კლუბს, რომელიც უყვარს. დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულმა "Movistar+"-ზე ვრცლად ისაუბრა თავის კარიერასა და ფეხბურთზე, სადაც განიხილავდა "სამეფო კლუბის" ამჟამინდელ მდგომარეობას.
"მინდა თუ არა, რომ გავხდე მადრიდის რეალის პრეზიდენტი?! რატომაც არა, მე ამ კლუბის უდიდესი გულშემატკივარი და საპატიო წევრი ვარ. რომ არ მოგატყუოთ, ეს არ არის ოცნება, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს - ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მადრიდის რეალს საუკეთესო პრეზიდენტი ჰყავს.
ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან როგორც ვიცი ფლორენტინო პერესი ამ კლუბის პრეზიდენტობას სიცოცხლის ბოლომდე აპირებს, ამიტომ ამაში ხელს ვერასდროს შევუშლი.
მე რეალისტი ვარ, ვიცი ცხოვრებაში რა მინდა და რა არა, ამ საკითხზე ბევრს ვერაფერს ვილაპარაკებ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ისე, არასდროს მიკითხავს ფლორენტინო პერესისთვის ამ თემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის არამგონია ვაკმაყოფილებდე მოთხოვნებს..." - რაფა ნადალი
რაფა ნადალმა ასევე ისაუბრა იმ თემასთან დაკავშირებით, რომ კლუბს ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაძლიერება სჭირდება. "მატადორმა" აღნიშნა, რომ მას ძალიან გაუხარდება კილიან მბაპეს მადრიდულ კლუბში თამაში.
"მბაპეს ველოდები რეალში, მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მას ულევი არსენალი აქვს იმისა, თუ როგორ დაეხმაროს გუნდსა და გააძლიეროს თანაგუნდელები. მოხარული ვიქნები, თუ მას "სამეფო კლუბის" ფორმით ვიხილავ..." - რაფა ნადალი
შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალს 2023 წელს მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული, მას იანვრის შემდეგ არ უთამაშია. მიზეზი კი ტრავმაა, რის გამოც იგი მთელს სეზონს ტოვებს.
"მატადორმა" კარიერის დასრულების შესახებაც ისაუბრა. ნადალის გადაწყვეტილებით, იგი კორტს 2024 წლის როლან გაროსზე დაუბრუნდება და მალევე კარიერას დაასრულებს.