ნოვაკ ჯოკოვიჩი სამშობლოში დაბრუნდა | ავსტრალიური საქმის დეტალები
2 წლის წინ
ჩოგბურთი
3 წთ
ჯოკოვიჩის ჩამოსვლამდე 1 დღით ადრე კი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ერთ-ერთი შენობა სპეციალურად განათდა, რომელზეც ასეთი წარწერა იყო - "ნოლე, შენ სერბეთის სიამაყე ხარ!". სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჯოკოვიჩის დეპორტაცია ავსტრალიიდან უსამართლო გადაწყვეტილებაა, რის გამოც ძალიან იმედგაცრუებულები არიან, ხოლო სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა თქვა, რომ ვიზის გაუქმება სკანდალური გადაწყვეტილებაა. "იმედგაცრუებული ვარ და ვფიქრობ, ამან აჩვენა, თუ როგორ ფუნქციონირებს კანონის უზენაესობა ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ანუ როგორ არ ფუნქციონირებს. ეს არის სკანდალური გადაწყვეტილება. ჩემი მხარდაჭერა ნოვაკ ჯოკოვიჩს!", - თქვა ბრნაბიჩმა ბელგრადში საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში. ავსტრალიური კანონმდებლობის თანახმად ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლა 3-წლით აეკრძალება, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ჯოკოვიჩის შემთხვევა ის გამონაკლისია, რომელზეც მიმართვიანობისას მისი განაცხადი განხილება.
საყურადღებოა, რომ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა 9-ჯერ აქვს მოგებული და ამავდროულად მას შეეძლო ჩოგბურთის ისტორიაში სრული რეკორდსმენი გამხდარიყო, ვინაიდან ტრიუმფის შემთხვევაში სერბი ჩოგბურთელი 21-ე დიდი სლემის ტურნირის საჩემპიონო თასს დაეუფლებოდა. 2022 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი როლან გაროსია, რომელიც 22 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ჯოკოვიჩის ავსტრალიური ამბებიდან გამომდინარე, საფრანგეთის სპორტის სამინისტრომ თადარიგი აქედანვე დაიჭირა და განაცხადა, რომ როლან გაროსზე მხოლოდ ვაქცინირებული სპორტსმენები დაიშვებიან, რაც ირიბად თუმცა ჯოკოვიჩის მისამართითაა გაჟღერებული. 34 წლის ჯოკოვიჩი ამტკიცებს, რომ სავალდებული ვაქცინაცია ადამიანის უფლებებისა და არჩევანის უხეში დარღვევაა, თუმცა მოცემულობა ისეთია, რომ თუ პლანეტის საუკეთესო მოთამაშე ვაქცინირებულთა რიგებს არ შეუერთდება, ის კიდევ არაერთ უმნიშვნელოვანეს ტურნირს გამოაკლდება.