Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი Vs. ენდი მარი | ექსპერტების აზრი

2 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
ჩოგბურთისა და სპორტის მოყვარულთათვის "ზეიმი" გრძელდება - 28 ივნისიდან 2021 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი, უიმბლდონი, აიღებს სტარტს. ტურნირზე მონაწილეობას თანამედროვე ჩოგბურთის ყველა სუპერვარსკვლავი იღებს, მათ შორისაა საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე 24-ე ნომრადაა განთესილი და შესაბამისად, ასპარეზობას ძირითადი ბადიდან იწყებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველივე რაუნდში ბასილაშვილს ოპონირებას ურთულესი მეტოქე, ენდი მარი გაუწევს. იქედან გამომდინარე, რომ ენდი მარი ბრიტანელი ჩოგბურთელია და უიმბლდონი მისთვის საშინაო არენადაც შეიძლება იყოს მიჩნეული, ექსპერტების აზრით მინიმალური უპირატესობა სწორედ მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერს ექნება. მარისა და ბასილაშვილის შეხვედრაზე სოციალურ ქსელში საკითხის უცხოელი ექსპერტები საკუთარ აზრს აფიქსირებენ:
  • "ვფიქრობ ბასილაშვილისთვის მორიგი შანსია, რომ მის მიერ დამარცხებულ ვარსკვლავთა სიას, კიდევ ერთი ბრწყინვალე ჩოგბურთელი მიემატოს"; 
  • "არ დაგავიწყდეთ, რომ ენდი მარის უიმბლდონის გამარჯვებულის რანგში ყოფნა გამოცდილი აქვს და არამხოლოდ... ის ყოფილი პირველი ჩოგანია. ამ შეხვედრაში ფავორიტიც სწორედ ბრიტანელია";
  • "თუ ფედერერის დამარცხება შეძლო, მარის დამარცხებაც არ იქნება მოულოდნელობა"; 
  • "5 წლის წინ ამ შეხვედრის განხილვა არ იქნებოდა ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იმ დროისათვის ენდი მარი ფენომენალურ ჩოგბურთს თამაშობდა, ბასილაშვილი კი TOP 50-ს მიღმა იყო".
საყურადღებოა, რომ ენდი მარი უიმბლდონის 2-გზის გამარჯვებულია - ბრიტანელმა 2013 და 2016 წლებში უიმბლდონის ჩემპიონობა იზეიმა.
gettyimages-545847006

ნიკოლოზისა და მარის შეხვედრაზე უცხოელი ექსპერტებისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირა ჩოგბურთის ქართველმა ექსპერტმა: "ბასილაშვილისთვის ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად 100%-ზე მეტად დაიხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად ნიკოლოზს დიდი შრომა და ბრძოლა მოუწევს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი მის ძალებს ნამდვილად არ აღემატება. უიმბლდონი სწორედაც რომ ის ტურნირია, სადაც არ უნდა იფიქრო ძალების დაზოგვაზე, რომ მომდევნო რაუნდს შედარებით დასვენებული შეხვდე, თორემ მომდევნო რაუნდში საერთოდ არ იქნები... წარმატებებს ვუსურვებ ნიკოლოზს", - აცხადებს ლევან მათეშვილი. ბასილაშვილს 34 წლის ბრიტანელი ჩოგბურთელის წინააღმდეგ აქამდე არასოდეს უთამაშია, შესაბამისად ამ მხრივ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. Live.ge წარმატებებს უსურვებს ნიკას!

სხვა სტატიები