Belive

ნიკ კირიოსი: ერთი ან ორი წელი ვითამაშებ, ჩოგბურთმა დამღალა

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

28 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა აღიარა, რომ ჩოგბურთის თამაშით დაიღალა და მისი კარიერა მაქსიმუმ 2 წელი გაგრძელდება. უიმბლდონის ყოფილ ფინალისტს ტრავმები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს.

კირიოსი კარიერის განმავლობაში მუხლის, ტერფის და მაჯის ტრავმებს ებრძოდა, ამავდროულად ჩოგბურთელი ამბობს, რომ ფსიქიკურმა პრობლემებმა კარიერის რამდენიმე წელი მოჰპარა. ავსტრალიელს 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ მხოლოდ ერთი ATP ტურის შეხვედრა აქვს ჩატარებული. კირიოსმა დაადასტურა, რომ საკუთარ სამშობლოში, ავსტრალიის დიდ სლემზე ვერ ითამაშებს და ეს უკვე ამ ტურნირის ზედიზედ მეორე გამოტოვებაა.

საკუთარ დონეზე თამაშს მხოლოდ 1 ან 2 წელი შევძლებ, მეზიზღება ოპერაციები. ვფიქრობ, რომ წასვლის შემდეგ მშვიდად ვიქნები იმის გამო, რასაც მივაღწიე. ვისაც უნდოდა რომ უფრო მეტი მეთამაშა, ვეტყვი: ჩემი კარგად ყოფნისთვის აჯობებს, მეტი არ ვითამაშო. - განაცხადა ნიკ კირიოსმა

ჩოგბურთელმა მენტალურ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელს თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა. ნიკ კირიოსს კარიერის განმავლობაში, წყვილთა თანრიგში ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული, 2022 წელს კი უიმბლდონის ფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩთან დათმო.