ინდიან უელსის 2022 წლის გათამაშება დასკვნით ფაზაშია გადასული. ცნობილია ნახევარფინალური წყვილები:
ტეილორ ფრიცი Vs. ანდრეი რუბლევი
რაფაელ ნადალი Vs. კარლოს ალკარასი
ერთ-ერთმა წყვილმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან პრესტიჟულ საჩოგბურთო მედიაში მატჩი ასეთი სათაურით შეფასდა - "რაფაელ ნადალი საკუთარ წარსულს შეეჯიბრება".
20 მარტს, ინდიან უელსის ნახევარფინალში 35 წლის ესპანელი - რაფაელ ნადალი, უნიჭიერეს 18 წლის თანამემამულე ჩოგბურთელს - კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება. ჩოგბურთის ექსპერტები კარლოს ალკარასის თამაშს ნადალის ახალგაზრდობას ამსგავსებენ - სხვა მსგავსებებთან ერთად, ორივე ჩოგბურთელში განსაკუთრებული სულისკვეთება იგრძნობა.
რაფაელ ნადალისთვის ინდიან უელსზე ნაჩვენები შედეგით მისი რეკორდი გაუმჯობესდა - "მატადორი" მასტერსის ნახევარფინალურ ეტაპზე რიგით 76-ედ გავიდა. ამ სტატისტიკურ მაჩვენებელში, ესპანელს ნოვაკ ჯოკოვიჩი (71) და როჯერ ფედერერი (66) მოყვებიან.
ექსპერტების შეფასებით, ესპანური წყვილის ფავორიტად რაფაელ ნადალია მიჩნეული. შეხვედრა თბილისის დროით 01:30 საათზეა ჩანიშნული, თუმცა მისი დაწყება პირველი ნახევარფინალური მატჩის დასრულებაზეა დამოკიდებული.