სპორტული გამოცემები, ისევე როგორც ზოგადად მსოფლიო მედია, რუსეთ-უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიცვა.
ფაქტობრივად ყველა სპორტული სახეობის მთავარმა ორგანოებმა, რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენები გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციეს, მათ შორის ITF-მა რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციებს წევრობის უფლება შეუჩერა და არამხოლოდ, რუს ჩოგბურთელებს კიდევ არაერთი შეზღუდვა დაუწესდათ.
,,ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მის ხელშეწყობას ბელარუსის მიერ. ამ ქვეყნებში უქმდება ITF-ის ყველა ღონისძიება, გარდა ამისა, რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციები საერთაშორისო ფედერაციის წევრები აღარ არიან. ასევე, ორივე ქვეყანას ეკრძალება ITF-ის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.ITF-ი მჭიდრო კავშირშია უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციასთან და სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ”, – წერია განცხადებაში.
ITF-ის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ვერ ითამაშებენ გუნდურ ტურნირებში (მაგალითად, დევისის თასზე), თუმცა მათ არ ეკრძალებათ ინდივიდუალურ ტურნირებში მონაწილეობის მიღება.
უხეშად რომ ვთქვათ, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს ინდივიდუალურ ტურნირებზე რუსეთის დროშით ასპარეზობის უფლება არ ექნებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მსოფლიო რეიტინგის აწ უკვე პირველმა ნომერმა დანილ მედვედევმა საკუთარი Instagram პროფილი ჩააკორექტირა და რუსეთის დროშა წაშალა, რამაც არაერთი ადამიანის ყურადღება მიიქცია.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დანილ მედვედევი არაერთი თანამემამულე სპორტსმენის მსგავსად, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარ, მშვიდობიან პოზიციას აფიქსირებდა.