მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიაში კვალიფიკაციის პირველი წრე გაიარა
მელბურნში დაიწყო ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო შეხვედრები, სადაც პირველი მატჩი ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემაც ჩაატარა. მარიამი რეიტინგის 213-ე ჩოგანია და ხორვატ ანტონია რუჟიჩს ხვდებოდა (154-ე ნომერი). შეხვედრა 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა, გამარჯვება კი სამ სეტში მარიამ ბოლქვაძეს დარჩა (3:6 | 6:3 | 6:3).
პირველ სეტში რუჟიჩმა ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და სეტი ასე დაიტოვა. მეორეში მარიამმა 3-ჯერ შეასრულა ბრეიკი, ხორვატმა 2-ჯერ უპასუხა უკუბრეიკით, თუმცა ქართველი სეტზე ჩაწოდების დროს აღარ შემცდარა. გადამწყვეტ სეტში რუჟიჩმა 2:0 წაიყვანა გეიმებში ანგარიში, მარიამმა კი დაბრუნება ბრწყინვალედ მოახერხა და მეტოქეს ზედიზედ 5 გეიმი აართვა.
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასასვლელად ბოლქვაძეს კიდევ ორი მატჩის მოგება სჭირდება. კვალიფიკაციის მეორე წრეში ქართველი 22 წლის ფრანგ სენელა იანიჩევიჩს შეხვდება, რომელიც რეიტინგის 188-ე ნომერია.