ჯონ ისნერი კარიერას ასრულებს - სად ითამაშებს უკანასკნელ ტურნირს ამერიკელი
38 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი ჯონ ისნერი, სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც კარიერის დასრულებას აანონსებს.
მომდევნო კვირიდან, საჩოგბურთო სამყაროში 2024 წლის დასკვნითი (მეოთხე) დიდი სლემის ტურნირი აიღებს სტარტს, სადაც ფაქტობრივად ამ სპორტის ყველა სუპერვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.
ჯონ ისნერი, რომელიც ერთ დროს მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერიც იყო (2018 წლის ივლისში), საკუთარ განცხადებაში ამბობს, რომ ამერიკის ღია პირველობა მისთვის უკანასკნელი ტურნირი იქნება, როგორც პროფესიონალი ჩოგბურთელისთვის.
ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა მიიღო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს დრო მოვიდა ჩემთვისაც. იოლი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დიდ ჩოგბურთს 17 წლის განმავლობაში ვითამაშებდი.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში მქომაგობდით. - ჯონ ისნერი
ჯონ ისნერს კარიერის განმავლობაში 16 ტიტული აქვს მოპოვებული, რაც ერთმნიშვნელოვნად, შესანიშნავი შედეგია. გამომუშავებული თანხაც სოლიდურია - 22 მილიონ დოლარზე მეტი.
აქვე გეტყვით, რომ ამერიკელს ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი აქვს ჩატარებული, რომელიც 2010 წელს, უიმბლდონზე, ნიკოლას მაიუს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა 11 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა, სადაც ბოლო სეტში ჩოგბურთელებმა 138 გეიმი ითამაშეს (დღესდღეობით ეს წესი აღარ არსებობს და დიდი სლემის ტურნირებში ბოლო სეტში სუპერ ტაი-ბრეიკი იმართება - 10 ქულამდე) და საბოლოოდ ისნერმა მეტოქე ანგარიშით - 70:68 დაამარცხა.