ჯოკოვიჩი: "ინგლისელები ჩოგბურთის ყურებასაც მოასწრებენ და ფეხბურთისაც"
ხვალ, ნოვაკ ჯოკოვიჩი, უიმბლდონის ფინალში, ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა წინა წლის გამეორება იქნება, სადაც მაყურებელმა უშეღავათო 5-სეტიანი თრილერი იხილა, რომლის გამარჯვებულიც ალკარასი დარჩა. შეხვედრა ბრიტანეთის დროით 2 საათზე უნდა დაიწყოს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალი კი 8 საათზე. მართალია ამ 2 სპორტულ მოვლენას შორის განსხვავება 6 საათია, თუმცა წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე (სერბისა და ესპანელის ფინალი 5-საათამდე გაგრძელდა), ინგლისელები შფოთავენ, რომ უიმბლდონის ხვალინდელი ფინალი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას არ დაემთხვეს. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ინგლისელების "შიშის" შემსუბუქება სცადა.
ვფიქრობ, ინგლისელ გულშემატკივარს ექნება სიხარულის მიღების შესაძლებლობა ორივე სპორტული სამყაროდან. ჩვენი თამაში 2 საათზეა, ფეხბურთი კი 8-ზე, ასე რომ სიამოვნების მიღება ორივესგან შეიძლება.
უიმბლდონის ფინალი ყველაზე ყურებადი საჩოგბურთო მატჩია მთელს მსოფლიოში და არამარტო ინგლისში, სწორედ ეს სძენს ამ თამაშს განსაკუთრებულ დატვირთვას.
ჩემსა და კარლოსს შორის ძალიან ბევრ მსგავსებას ვხედავ, განსაკუთრებით ზედაპირთან ადაპტაციისა და მორგების კუთხით. ვფიქრობ, ეს მისი ყველაზე დიდი თვისებაა. ის სრულყოფილი მოთამაშეა, მაგრამ ხვალ უნდა დამითმოს და შემდეგ ისევ მისი გულშემატკივარი ვიქნები - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა
ჯოკოვიჩი ხვალ როჯერ ფედერერის რეკორდს შეუტევს, ლეგენდარულ შვეიცარიელს უიმბლდონი 8-ჯერ აქვს მოგებული, ნოვაკს კი 7-ჯერ. ჯოკოვიჩის დამატებითი მოტივაცია ისაა, რომ წინა წლის მწარე მარცხის გამო, მას ალკარასთან რევანში აქვს ასაღები.