ჯოკოვიჩი 25-ე დიდ სლემს იღბლიანი ფეხსაცმლით უტევს
ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო და მოქმედი ჩემპიონი "როდ ლეივერ არენაზე" Asics-ის სპორტული ფეხსაცმელებით გამოვიდა, რომელსაც ერთი განსაკუთრებული დეტალი ამშვენებდა - ქუსლთან წარწერა "24", რაც ჯოკოვიჩის მოწინააღმდეგებისთვის იმის შეხსენებაა, თუ ვის წინააღმდეგ უწევთ თამაში, ნოვაკს 24 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, რაც აბსოლუტური რეკორდია.
ჯოკოვიჩი Lacoste-ის ბრენდის ელჩია, თუმცა კორტზე, სხვადასხვა დროს, განსხვავებული ბრენდის ფეხსაცმელებით გამოდიოდა. უკვე 2 წელია ჯოკოვიჩი Asics' Court FF NOVAK-ებს იყენებს.
როდესაც ჩემი ბოლო სპონსორიდან Asics-ის ფეხსაცმელზე გადავედი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს კომერციული მანქანიდან სპორტულ მანქანაზე გადავჯექი. მე უფრო სწრაფად შემეძლო შემეცვალა მიმართულება და საჭიროების შემთხვევაში კორტზე მესრიალა - ჯოკოვიჩმა ეს ინტერვიუ Forbes-თან 2022 წელს ჩაწერა
შარშან, როდესაც ჯოკოვიჩმა "როლან გაროსზე" 23-ე გრანდ სლემის ტურნირი მოიგო, დაჯილდოების ცერემონიაზე Lacoste-მა მას 23-ნომრიანი ქურთუკი ჩააცვა. სწორედ ამის შემდეგ შექმნა Asics-მა სრულიად თეთრი ფეხსაცმელი, ქუსლზე წარწერით - "23". ეს ის დეტალი იყო, რომელმაც "უიმბლდონის" ფინალში არ გაამართლა და ალკარასმა 24-ე დიდი სლემი გადადო, თუმცა ამერიკის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა 23-იანი ლურჯი ფეხსაცმლით ტურნირი მოიგო და ახლა უკვე ავსტრალიაში 25-ე ტიტულს უტევს.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და ხორვატ დინო პრიზმიჩს 4 სეტში (6:2| 6:7| 6:3| 6:4) მოუგო, ჯოკოვიჩი მომდევნო შეხვედრას 17 იანვარს, რეიტინგის 43-ე ნომერ, ალექსეი პოპორინთან გამართავს. სერბ ჩოგბურთელს ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ (10) აქვს მოგებული.