დიდი დაბრუნება | სერენა უილიამსმა უიმბლდონზე 'Wild Card'-ი მიიღო
უიმბლდონის ორგანიზატორებმა გულშემატკივრებს ნამდვილი საჩუქარი გაუკეთეს. ამერიკელი ჩოგბურთის ლეგენდა, 44 წლის - სერენა უილიამსი, რომელსაც უიმბლდონის წყვილთა ტურნირში დასაწყისშივე ჰქონდა გარანტირებული ადგილი უფროს დასთან, ვენუსთან ერთად, კვირას ერთეულთა ბადის „Wild Card“-ის (სპეციალური მოწვევა) მფლობელიც გახდა.
This is not a drill.@serenawilliams will compete in the 2026 ladies' singles at #Wimbledon as a wild card. pic.twitter.com/1vHnDEQ4xm
— Wimbledon (@Wimbledon) June 21, 2026
უიმბლდონის ორგანიზატორებს ერთეულებში მხოლოდ ერთი თავისუფალი საგზურიღა ჰქონდათ დარჩენილი და ის, რა თქმა უნდა, 23-გზის გრანდ სლემის ჩემპიონს გადასცეს. სერენამ თავისი ბოლო ერთეულთა მატჩი 2022 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე ჩაატარა, სადაც ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩთან სამსეტიან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა და კარიერა დაასრულა. რაც შეეხება უიმბლდონს, ლონდონის ბალახზე მან ბოლოს 2022 წელსვე ითამაშა და პირველივე წრეში ფრანგ - ჰარმონი ტანთან დათმო შეხვედრა.
ივნისში სერენამ დიდი დაბრუნების პირველი ნაბიჯები წყვილთა თანრიგში უკვე გადადგა. ახლა კი, როცა დებ უილიამსებს წყვილებში მოწვევა ისედაც გარანტირებული აქვთ, სერენას ერთეულთა თანრიგში გამოჩენა ამ წლის ტურნირის მთავარ სენსაციად იქცევა. შეგახსენებთ, რომ მას უიმბლდონი კარიერაში 7-ჯერ აქვს მოგებული.
ლონდონსა და ბერლინში გამართულ პრესკონფერენციებზე უილიამსი ერთეულებში შესაძლო დაბრუნებაზე საუბარს თავს არიდებდა და ბუნდოვან პასუხებს ჯერდებოდა, თუმცა ახლა ოფიციალური ინფორმაციაა, რომ იგი უიმბლდონზე დაბრუნდა.