Belive

ოფიციალურად | კარლოს ალკარასი ცინცინატის მასტერსსაც მოეხსნა

1 დღის წინ ჩოგბურთი
2 წთ

კარლოს ალკარასი ცინცინატის მასტერსიდან მაჯის ტრავმის გამო მოეხსნა, რაც სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს მის მონაწილეობას ამერიკის ღია პირველობაზე, სადაც მას ტიტული აქვს დასაცავი.

შვიდგზის დიდი სლემის ჩემპიონი აპრილის შემდეგ, ბარსელონას ღია პირველობის მეორე რაუნდიდან მოყოლებული, ვეღარ თამაშობს. ტრავმის გამო მან უკვე გამოტოვა როლან გაროსი და უიმბლდონი. თუმცა 23 წლის მსოფლიოს მეორე ჩოგანს სოციალურ ქსელში ვარჯიშის ვიდეოები ჰქონდა გამოქვეყნებული, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი მისი სრული აღდგენისთვის მაინც ადრეული აღმოჩნდა.

ალკარასის გუნდი მაჯის ტრავმას მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება, რადგან მსგავსმა დაზიანებებმა თავის დროზე დომინიკ ტიმისა და ხუან მარტინ დელ პოტროს კარიერებზე კატასტროფული გავლენა იქონია. ცინცინატის ტურნირის დირექტორმა ბობ მორანმა აღნიშნა, რომ კარლოსი ყველაფერს აკეთებს კორტზე რაც შეიძლება მალე დასაბრუნებლად, მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ესპანელს მომავალშიც იხილავენ ამ ტურნირზე.

აშშ-ის ღია პირველობამდე, რომელიც სტარტს 30 აგვისტოს აიღებს, ალკარასისთვის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ბოლო შანსი უინსტონ-სელემის ტურნირია (ATP 250), თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა იგი იქ ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ ალკარასმა მიმდინარე სეზონი ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვებით დაიწყო და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ოთხივე სლემის მოგება შეძლო. მისი არყოფნის პერიოდში კი იანიკ სინერმა უიმბლდონის ტიტული დაიცვა და თავისი დიდი სლემის ტიტულების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა.

სხვა სტატიები