რატომ გაუშვა რეალმა ალონსო?
რატომ გაუშვა რეალმა ალონსო?
პერესის რეალი შეცდომას არ გპატიობს. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ის დაუნდობელია. მაგალითისთვის, კლუბმა შეიძლება ჩათვალოს, რომ კლუბის ლეგენდა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია და ის გუნდიდან უცერემონიოდ მოკვეთოს. თითქოს "რეალის" მაკიაველისეული მიდგომა, სადაც მიზანი ამართლებს საშუალებას, ბევრისთვის მიუღებელია, ზოგიერთისთვის მორალის ფარგლებსაც სცდება. ამ აზრთა სხვადასხვაობაში მხოლოდ პირადი პოზიცია თუ გექნება, მასში სიმართლეს ვერ იპოვი. მის მიღმა, იკვეთება შემდეგი: მადრიდის "რეალში" არსებობს აზროვნებისა და მიდგომის ერთგვარი ჩარჩო, რომელსაც ან ერგები, ან კარისკენ მიგითითებენ. და თუკი ვხვდებით კლუბის ფილოსოფიის ამ ბუნებას, მაშინ ხდება გასაგები, თუ რატომ მოკვეთა კლუბმა ხაბი ალონსო, თუ რატომ იყო ამდენად ცივი მისდამი ფლორენტინო პერესი სუპერთასის დაჯილდოებისას.
გასული წლის მიწურულს, გარეთ ბეილი CBS-ის ოთხეულს - ქეით სკოტს, ტიერი ანრის, ჯეიმი კარაგერსა და მიკა რიჩარდსს ესტუმრა. უელსელი ბევრ საინტერესო თემას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო გუნდის შიდა სამზარეულოს ამბები იყო.
“რეალისა და ლევერკუზენის ხელმძღვანელობა განსხვავებულია. ტაქტიკაზე მეტად, შენ ფეხბურთელების ეგო უნდა მართო”. - გარეთ ბეილი
იმავე ეპიზოდში, ანრიმ აღნიშნა, რომ ხაბი ალონსო “რეალში” მენეჯერზე მეტად, მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებდა, რაშიც შემდეგს გულისხმობდა: ალონსო დიდ ყურადღებას უთმობდა ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებასა და ტაქტიკურ მხარეს, თუმცა პერსონალურ ურთიერთობები და მოტივაციური მხარე უგულებელყოფილი იყო.
წლების განმავლობაში „სამეფო კლუბში“ დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით, ალონსოსგან ეს შეცდომა მოულოდნელი აღმოჩნდა. ის კარგად იცნობდა გუნდის გასახდელს და პერესის მოლოდინით, იცოდა, როგორ იმართებოდა "რეალის" ურთულესი მექანიზმი. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ალონსო საფეხბურთო ხედვა "რეალისგან" განსხვავებულია.
"არ ვიცოდი, რომ საბავშვო ბაღში სამუშაოდ მოვდიოდიო", - ესპანური მედიის ცნობით, სწორედ ამ ფრაზით მიმართა ნოემბერში ალონსომ ფეხბურთელებს. თითქოს, მწვრთნელისგან ასეთი სიტყვები განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, მათგან გაცილებით უარესსაც მოისმენ. მაგრამ არა "რეალში".
XXI საუკუნეში, ესპანური კლუბის სათავეში სულ ისეთი 3 მწვრთნელი იდგა, რომელსაც გასახდელის მართვა და ვარსკვლავებთან ურთიერთობა შეეძლო: ვისენტე დელ ბოსკე, ზინედინ ზიდანი და კარლო ანჩელოტი. დელ ბოსკეს მიდგომა იყო ასეთი: "თავი ყველაფრის მცოდნედ არ უნდა წარმოაჩინო. თუმცა ფეხბურთელებს სისუსტეც არ უნდა დაანახო. მათ უნდა დააჯერო, თითქოს პროცესს თავად მართავენ, თუმცა ყველაფერი ისე უნდა შეასრულონ, როგორც შენ გსურს", - თქვა მან Athletic-თან ინტერვიუში.
შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავები მართლაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ჰგვანან, თუმცა ასეთ გარემოში კომუნიკაციის ფორმასა და მწვრთნელის პირად ავტორიტეტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ, კლასიკურია რაფაელ ბენიტესის მაგალითი: მან „ოქროს ბურთის“ მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ კაბინეტში იმის ასახსნელად დაიბარა, თუ როგორ გაეუმჯობესებინა საჯარიმო დარტყმების ტექნიკა. ესპანელმა მას USB მეხსიერების ბარათიც კი გაუწოდა - ვიდეოებს უყურე და ისწავლეო. შეურაცხყოფილმა კრიშტიანუმ კაბინეტი მალევე დატოვა, მოგვიანებით კი მწვრთნელს ასეთი პასუხი შეუთვალა - გადაეცით ბენიტესს, რომ თავად გავუგზავნი USB-ს, სადაც ჩემ მიერ გატანილ ყველა საჯარიმო დარტყმას იხილავსო.
როგორ აირია ვითარება?
ხაბი ალონსოს წასვლამდე 78 დღით ადრე, ერთი შეხედვით, მადრიდში იდილია სუფევდა: „რეალს“ 14-დან 13 მატჩი ჰქონდა მოგებული, ხოლო „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში უკვე 5 ქულით ჩამორჩებოდა. თუმცა, ამ ბრწყინვალე ფასადის მიღმა, უკმაყოფილება კვირიდან კვირამდე გროვდებოდა. ალონსოს ახალი სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ ინტენსივობას, მკაცრ დისციპლინას, მუდმივ პრესინგსა და ურთულეს ტაქტიკურ დავალებებს მოითხოვდა. პირველი ღია ბზარი "ბარსელონასთან" მატჩში გაჩნდა - მიუხედავად გამარჯვებისა (2:1), 72-ე წუთზე შეცვლილმა ვინისიუს ჟუნიორმა მოედანი დემონსტრაციულად და განრისხებულმა დატოვა: „ყოველთვის მე... უმჯობესია წავიდე, მივდივარ!“ - ისმოდა ბრაზილიელის რეპლიკები.
მალე გაირკვა, რომ ვინისიუსი მარტო არ იყო; ალონსოს გადამეტებული სიმკაცრით ჯუდ ბელინგემი და ფედე ვალვერდეც უკმაყოფილოები იყვნენ. კრიზისმა პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ვინი პირადად შეხვდა ფლორენტინო პერესს. მან მოედანზე მომხდარი ინციდენტისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა: ალონსოსთან ასეთი ურთიერთობის ფონზე, ის კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა გუნდის წინაშეც მოიხადა ბოდიში, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში მან მწვრთნელი საერთოდ არ ახსენა.
კლუბის მხრიდან ვინისიუსის ფინანსური დაჯარიმებაზე უარის თქმა ხაბი ალონსოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებამ მწვრთნელს გასახდელში ავტორიტეტი საბოლოოდ დაუკარგა - ცხადი გახდა, რომ პერესმა ფეხბურთელის მხარე დაიკავა. შედეგმაც არ დააყოვნა: მომდევნო 8 შეხვედრაში „რეალმა“ მხოლოდ 3-ჯერ გაიმარჯვა.
ამ ქაოსის ფონზე, პერესმა ქირურგიულ ჩარევას მიმართა და გააკეთა ის, რაც მას ახასიათებს: სეზონის მიმდინარეობისას, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა, დროებით მწვრთნელად კი "რეალ მადრიდ B-ს" ხელმძღვანელი, წარსულში "რეალის" ფეხბურთელი, ალვარო არბელოა მოიყვანა.
შეცვლის კი ესპანელი მდგომარეობას? ნაკლებად სავარაუდოა. არბელოა მადრიდულ იერარქიაში მორიგი დროებითი მოვლენაა (სანტიაგო სოლარის მსგავსად), რომელსაც არ გააჩნია ის მასშტაბი, რაც გუნდს გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდება. და ის იმუშავებს მანამ, სანამ ფლორენტინო პერესი მორიგ ინსტრუმენტს არ იპოვის თავისი ამბიციური პროექტის განსახორციელებლად.