Belive
11 თვის წინ

ქართული სპორტი | რატომ არის 2024 წელი განსაკუთრებული?!

2024 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული წელი უნდა იყოს

ქართული სპორტი | რატომ არის 2024 წელი განსაკუთრებული?!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები | ოცნება, რომელიც უნდა ახდეს

ახლა, შეიძლება, 2024 წლის მთავარ სპორტულ კი არა - საერთოდ მთავარ მოვლენაზე ვწერდე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი აქვს, ამ ისტორიულ მოვლენას 2 შეხვედრის მოგება გვაშორებს. რაც თავი მახსოვს, სულ ის მესმოდა, ქართველები ფეხბურთს გამორჩეულად კარგად ვთამაშობთ, ტრადიცია გვაქვს და ოდესმე რამე იქნებაო. არ შეიძლება იმაზე დავა, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი მასობრივად უყვართ, როცა მასობრივი სიყვარულის ობიექტს აღტაცებაში მოყავხარ, უდიდესი ენერგიის გამოთავისუფლება ხდება, ენერგია ყველაფერს სჭირდება - კაცს, სპორტს, ქვეყანას - ყველაფერს, რაც ცოცხალია. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით გვემტკიცებინა, რომ ფეხბურთი ცოცხალია - არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე ამის არგუმენტი ხელში არ გვჭერია, 2024 წელს იპოლიტესეური თავმოწონებით უნდა დავიკვეხნოთ: “არის თუ არა ეს ბილეთი!” - იმ ადგილის ბილეთი, რომელიც ქართველი გულშემატკივრის გონებაში ყოველთვის გვეკუთვნოდა, მაგრამ ვერ ვიმსახურებდით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ერთი საერთო სიხარულის ფასი გასაგები გვაქვს, იქნებ როგორია? ადამიანები, რომლებსაც 1981 წლის 13 მაისის თბილისი ახსოვთ, ამ დღის დახასიათებისას ყველაზე ხშირად სიტყვა სიამაყეს იყენებენ, იმიტომ, რომ ფეხბურთი ჩვენთვის თვითგამოხატვის, ხასიათის, უნიკალურობის ჩვენების საშუალებაა. საფეხბურთო რელსებზე მხოლოდ იმ ზურგის ქარით მივგორავთ, რომელმაც თითქმის 45 წლის წინ დაუბერა და მას შემდეგ სულიც არავის შეუბერავს, არადა გვჭირდება.

მარტის თვეა შენი, შენს ხასიათს შვენის...

რა ამოცანა უნდა შესრულდეს დიდი ოცნების ასახდენად? მარტში საქართველოს ნაკრებმა 2 თამაში უნდა მოიგოს. ნახევარფინალური დაპირისპირება დინამო არენაზე, 21 მარტს გაიმართება, საქართველო ლუქსემბურგს მიიღებს. ამ ქვეყნის საფეხბურთო ტრადიციების შესახებ ბევრი არაფრის თქმა არ შეიძლება, ქვეყანა 600 000-იანი მოსახლეობით, ძალიან პატარა ტერიტორიითა და მაღალი მშპ-თი. ერთმანეთს სულ 4-ჯერ შევხდით, 4-ვე ამხანაგური იყო. 2-ჯერ მოვუგეთ, ერთხელ დავმარცხდით, ერთხელ კი მატჩი ფრედ დასრულდა. ამ წყვილში გამარჯვებული, 26 მარტს, საკუთარ მოედანზე, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის ფინალში გასულს მიიღებს.  დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მარტში გასამართი შეხვედრები, აუცილებლად ყველაზე დიდი მნიშვნელობის იქნება. ლუქსემბურგთან დაპირისპირებას ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს (დაგროვებული 3 ყვითელი ბარათი).

ნახევარფინალში  ლიდერის არყოფნა ავტომატურად გვახსენებს 2020 წლის 12 ნოემბრის საღამოს, ბელარუსის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მხოლოდ ერთი თამაშის მოგება გვაშორებდა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, თუმცა ცარიელი დინამო არენა, კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის არყოფნა, პანდევის გოლი და ჩვენი ოცნება ჩრდილოეთ მაკედონიამ აიხდინა. მტკივნეულ მარცხში რაიმე დადებითის დანახვა თუ შეიძლება, უდავოდ გამოცდილებაა, ერთხელ უკვე წააგე და რაღა უნდა მოხდეს?!

ჩავთვალოთ, რომ მარტის თამაშები მოვიგეთ

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება. 2006 წლის შემდეგ, გერმანელები დიდ სანაკრებო ტურნირს პირველად უმასპინძლებენ. ჰამბურგში გამართულ წილისყრაზე ჯგუფები ჩამოყალიბდა და ჩვენი შესაძლო მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან. 2024 წლის 18 ივნისი სამუდამოდ ჩაეწერება ქართული სპორტის ისტორიაში, ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ეს იქნება დღე, როდესაც პირველად ვითამაშებთ უდიდეს სანაკრებო ფორუმზე. ევრო 2024-ზე გამოსვლას დორტმუნდში თურქეთით დავიწყებთ, შემდეგ ჰამბურგში ჩეხეთს შევხვდებით, ბოლოს კი საქართველოსა და პორტუგალიის მატჩს ქალაქი გელზენკირხენი უმასპინძლებს. ქართველი გულშემატკივრის ყურადღება დიდ სანაკრებო ტურნირებს არასდროს აკლდა, თუმცა რთული წარმოსადგენია, როგორ გადაეწყობა ქვეყანა 14 ივნისიდან 14 ივლისამდე თუ ჩავთვლით, რომ მარტის თამაშებს მოვიგებთ.

საკალათბურთო ნაკრები | ბლოგში მეორე - ისტორიაში ესეც პირველი

2024 წელი ქართული კალათბურთისთვისაც უნიკალური შეიძლება აღმოჩნდეს. ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი აქვს. ილიას ზუროსს 8-წლიანი მუშაობის შემდეგ კონტრაქტი ამოეწურა, ამიტომ სექტემბრის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ნაკრებს 52 წლის სერბი სპეციალისტი, ალექსანდრ ძიკიჩი ჩაიბარებს. საკალათბურთო ნაკრები წლიდან წლამდე ვითარდება, ზუროსის თავკაცობით, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშეთ და საუკეთესო 16 გუნდშიც მოვხვდით. ახლა უკვე სხვა თავგადასავლის დროა. „ძიკიჩი მოვიდა და ოლიმპიადაზე გავიდა“ მშვენიერი სათაური იქნებოდა - ივლისისთვის შევიგულებ. ძიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წლებში გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბა-ს ევროჩელენჯის თასი მოიგო. გასულ  სეზონში ძიკიჩის წინამძღოლობით ჰაპოელმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ ტელეკომთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გამართული და ჯგუფები დაკომპლექტებულია.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად ითამაშებს, მატჩები კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება. ჩვენი ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც B ჯგუფის (ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი) პირველ და მეორე ადგილოსნებს (ჯვარედინად) შეხვდება. საკვალიფიკაციო ტურნირი 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება და თითოეულის გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს გაიფორმებს. პირველი წრის შემდეგ, თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.​

ოლიმპიადაზე თამაში უკვე გარანტირებული აქვთ საფრანგეთს (მასპინძელი), გერმანიას, სერბეთს, აშშ-ს, კანადას, სამხრეთ სუდანს, იაპონიასა და ავსტრალიას. დაკომპლექტებული ჯგუფებიდან ამ 8 ნაკრებს კიდევ 4 დაემატება და 12 ქვეყანა ყველაზე პრესტიჟული  სანაკრებო ტიტულისთვის იბრძოლებს. პარიზის ოლიმპიური თამაშებზე კალათბურთი 27 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაგრძელდება. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის შეერთებული შტატებია, მათ 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს.

კაპიტანი - თორნიკე შენგელია დაფრინავს. ვირტუსის რიგებში ფენომენალურ თამაშს აჩვენებს და ამ მხრივ სანერვიულო არაფერია. ამ მომენტისთვის, ბოლონიელები ევროლიგის ცხრილის მეორე ადგილზე არიან და თორნიკე გუნდის უდავო ლიდერია.

მშვენიერი სეზონი აქვს გოგა ბითაძეს, ორლანდოს ძირითადი ცენტრის ტრავმის შემდეგ გოგა სასტარტოს წევრი გახდა და გუნდის წამყვან მოთამაშედ იქცა, უფრო მეტსაც თუ ვიტყვით, ვენდელ კარტერის გამოჯანმრთელების შემდეგაც  გოგამ მისი სკამზე დატოვება მოახერხა. ბითაძეს მწვრთნელის აბსოლუტური ნდობა აქვს, ჯამალ მოსლი ქართველი ცენტრის საკალათბურთო აზროვნებითა და შეცვლილი სათამაშო სტილით მოხიბლულია, ამ სეზონში ბითაძე ფარქვეშ გაცილებით მეტს მოძრაობს და პერიმეტრზე ასვლას ერიდება.

გიორგი შერმადინი სტაბილურად კარგია, პრინციპში ისე, როგორც ყოველთვის. ბლოგის მომზადების წინა საღამოს 21 ქულასთან ერთად 8 მოხსნა დააგროვა, მატჩის MVP გახდა და ტენერიფეს ისტორიაში საუკეთესო მომხსნელის სტატუსიც მიიღო, ლიგა ენდესაში ტენერიფეს მაისურით ქართველზე მეტი მოხსნა არავის გაუკეთებია (837).

სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო NBA-ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდია და დასავლეთ კონფერენციის ფსკერზეა. სანდროსაც დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, თუმცა ეს ამბავი დიდად მის სათამაშო ფორმაზე დამოკიდებული არ არის. როცა დრო ეძლევა აქვს გამონათებები, აშკარად ეტყობა, რომ იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს მის სტატისტიკაში ჩანს.

საქართველოს ნაკრების ძირითადი პრობლემა დაბლებია, ჯერ კიდევ არ გვყავს ნატურალიზებული მოთამაშე, ეს ადგილი მაკფადენის წასვლის შემდეგ ვაკანტურია და ფედერაცია მწვრთნელთან ერთად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

ამჟამინდელი მდგომარეობით საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაზე თამაში სენსაცია ნამდვილად არ იქნება, შანსი საკმაოდ დიდია, მთავარია ტრავმები პრობლემად არ იქცეს, ამის გამოცდილება გვაქვს და გამართლების შემთხვევაში, ოფტიმალური შეამდგენლობით, შეგვიძლია ვითამაშოთ იქ, სადაც ჯერ არ ვყოფილვართ. ზაფხული ქართული სპორტისთვის ცხელი უნდა გამოვიდეს და კალათბურთის ნაკრებთან დაკავშირებით ეს უფრო სურვილია, ვიდრე ოცნება.

სარაგბო ნაკრები | რაგბი ევროპა გართულდა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა და ეს მეექვსედ გააკეთა. პირველი ჩემპიონატი მოუგებლად დასრულდა, 2007 და 2011 წლებში 1 მოგებით და 3 წაგებით საქართველომ ჯგუფში მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო, 2015 წელს 2 მოგების შემდეგ მესამეზე გავიდა, 2019 წელს ისევ მეოთხე ადგილი, წინა წელს კი ჯგუფში ბოლო ვიყავით და თამაში არ მოგვიგია.

2024  „რაგბი ევროპის“  წელია და საქართველოსგან აუცილებელ გამარჯვებას ველით. 2006 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა ჩემპიონის ტიტული 14-ჯერ მოიპოვეს და მხოლოდ ორჯერ – 2010 და 2017 წელს დაუთმეს პირველობა რუმინეთს.

ჯგუფები და კალენდარი

ბორჯღალოსნები 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებენ, B ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. საქართველო პირველ შეხვედრას 4 თებერვალს ლაიფციგში, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს, 10-ში ნიდერლანდებს მასპინძლობს,  ჯგუფურ ეტაპს კი 17 თებერვალს, ესპანეთთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.

 ჯგუფური ეტაპის დამთავრების შემდეგ, ორ-ორი საუკეთესო გუნდი თასის ნახევარფინალში გადის, დანარჩენები კი მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ჯგუფის გამარჯვებულები 2/3 მარტს მეორე ჯგუფის მეორეადგილოსნებს მასპინძლობენ, ფინალი კი 17 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფში პორტუგალია იყო, რომელმაც, ჩვენგან გასხვავებით 1 თამაშის მოგება ფიჯის ნაკრებთან მოახერხა, საქართველოსთან კი ფრედ ითამაშა (18:18), ამიტომ პორტუგალიისგან სერიოზულ წინააღმდეგობას უნდა ველოდოთ.

პორტუგალიას კიდევ ერთი ბონუსი აქვს - დროებით მთავარ მწვრთნელად დანიელ ურკადე დანიშნეს, მისი ხელმძღვანელობით, არგენტინამ 2015 წლის მსოფლიო თასზე მე-4 ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლევან მაისაშვილმა პოსტი დატოვა. ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებს რიჩარდ კოკერილი ჩაიბარებს. 53 წლის ინგლისელ სპეციალისტთან 4-წლიანი (1+1+2 სისტემით) კონტრაქტი გაფორმდება. კოკერილი ბოლოს ფრანგულ „მონპელიეს“ წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი „ლესტერში“, „ედინბურგსა“ და ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელად მუშაობდა.

უმაღლესი დონის გუნდებთან ტესტ-მატჩების ჩატარების საშუალება ისევ არ გვეძლევა, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა მოვიგოთ ის, რასაც სულ ვიგებდით.

ხელბურთი | სენსაციიდან ევროპის ჩემპიონატამდე

2024 განსაკუთრებული წელია ქართული ხელბურთისთვის. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა. კონტინენტის პირველობაზე, ჩვენთან ერთად, დებიუტანტები ფარერის კუნძულები და საბერძნეთი იყვნენ.

ფორმატი და კალენდარი
ჩემპიონობისთვის 24 გუნდი იბრძვის. 4-4 გუნდი 6 ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული მათგანიდან, საუკეთესო ორი გუნდი შემდეგ რაუნდში გადაინაცვლებს, სადაც ორი 6-გუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდება. ამ ჯგუფების პირველ და მეორე ადგილოსნები კი პლეი-ოფის სისტემაში გადაინაცვლებენ და ერთმანეთს ნახევარფინალურ შეხვედრებში დაუპირისპირდებიან.

წილისყრის შედეგად, საქართველო E ჯგუფში მოხვდა, სადაც ევროპის 5-გზის ჩემპიონისა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი შვედეთის, ასევე ნიდერლანდებისა და ბოსნიის წინააღმდეგ ასპარეზობდა. ჩვენი ნაკრების განრიგი ასეთი იყო:

11 იანვარი, Vs. ნიდერლანდები

13 იანვარი, Vs. შვედეთი

15 იანვარი, Vs. ბოსნია

ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში არ უნდა ეთამაშა, თუმცა უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთი და ბელორუსი მოკვეთა. შედეგად, ისინი საქართველომ და ლუქსემბურგმა ჩაანაცვლეს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი უნგრეთის, ასევე შვეიცარიისა და ლიეტუვის ჯგუფიდან გავიდა. უკანასკნელ შეხვედრაში ნამდვილი სენსაცია დაფიქსირდა და უნგრეთთან აუცილებლად მოსაგები თამაში ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ.  30:30-ზე უკანასკნელ წუთზე გიორგი ცხოვრებაძემ უნგრეთს პენალტი გაუტანა და ისტორიული მატჩის გმირი გახდა, ცხოვრებაძემ შესარჩევი ეტაპის ბომბარდირობა არავის დაუთმო, მან 6 შეხვედრაში 42 გოლის გატანა შეძლო. ჩემპიონატის წინ მთავარი პრობლემა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკოლოზ კალანდაძის არყოფნა იყო, მან საფრანგეთის ჩემპიონატში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.

ტიტე კალანდაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე კარგი განწყობითა და ზედმეტი პასუხისმგებლობებისგან დაცლილი ჩავიდა, რადგან აქ მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა. ალბათ, არ არსებობდა შედეგი, რომელიც უარყოფითად ჩაითვლებოდა, მაგრამ საქართველომ ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა და მაყურებელთა გული მოიგო.

ნიდერლანდების ნაკრებთან ისტორიულ, პირველ შეხვედრაში, საქართველო დაძაბულ ბრძოლაში (34:29) დამარცხდა. თავიდანვე შეფასდა, რომ 29 გოლის გატანა დებიუტანდი გუნდისთვის დიდი წარმატება იყო. მატჩში 7 გოლის გამტანი გიორგი ცხოვრებაძე შეხვედრის საუკეთესო ხელბურთელი გახდა და ევროპა მიხვდა, რომ საქართველოს უდიდესი პროგრესი აქვს და ხელწამოსაკრავი ნაკრები აღარასდროს იქნება. მეორე შეხვედრაში შვედეთთან, შედარებით მარტივად, (26:42) დავმარცხდით. აი, მესამე თამაში ბოსნიასთან ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა, ცუდი დასაწყისის მიუხედავად, ქართველებმა მუხტი დაიჭირეს და მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიეს თავს. გიორგი ცხოვრებაძის ნახტომში დარტყმებს არენაზე შეკრებილი გულშემატკივრები ოვაციებით ხვდებოდნენ, ჩვენმა მეკარემ, ზურაბ ცინცაძემ კი, ალბათ, თავისი კარიერის საუკეთესო მატჩში ჩაატარა და საუკეთესოდაც დასახელდა. საქართველომ ჯგუფში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა და ემოციებით სავსე ევროპის ჩემპიონატი სამუდამოდ დატოვა ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში.

UFC | ორი ქართველი საჩემპიონო ამბიციებით

გამორიცხული იყო, რომ მუშტი-კრივი და ნებისმიერი სხვა საბრძოლო ხელოვნება საქართველოში პოპულარული არ გამხდარიყო. UFC-ში კონორ მაკგრეგორის გამოჩენამ  MMA-ის ყურებადობა მთელ მსოფლიოში გაზარდა, გამონაკლისი არც საქართველო იყო. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც ბავშვობა ისეთ კითხვებში გვაქვს გატარებული, ბრუს ლი მოერევა თუ ჯეკი ჩანი, ან მამაშენი თუ მამაჩემი? ვთამაშობდით TEKKEN-ს და MORTAL COMBAT-ს, ამიტომ კარგად მახსოვს ის ეიფორია, რომელიც საქართველოში UFC-ის პოპულარობის პროპორციულად მკვიდრდებოდა, თანაც იმ დროს, როცა ქართველი სპორტსმენები MMA-ის უმაღლეს პრომოუშენში ჯერ კიდევ არ ჩანდნენ... და ახლა?

ახლა ქართველები ყველაზე პრესტიჟულ დივიზიონში უხვად ვართ წარმოდგენილი: რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია. რადგან 2024 წლის მთავარ მოლოდინებზე ვსაუბრობთ, თქვენს ყურადრებას უკანასკნელ ორ მათგანზე შევაჩერებ. ილია თოფურია ჩემპიონის ქამრის პირველი ქართველი პრეტენდენტია, მერაბ დვალიშვილს კი ჩემპიონთან დაპირისპირებამდე კიდევ რაღაცას ამტკიცებინებენ, თუმცა რას - არ ვიცი.

„მატადორი“ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ
ვოლკანოვსკი ნამდვილი ბულდოგია... დაბალი, ჩაფსკვნილი, უროსავით მუშტებით, ბრწყინვალე კარდიო, შეუძლია ალბათ მთელი დღე იჩხუბოს, მაგრამ არა… მთელი დღე ვოლკანოვსკის ვერავინ ეჩხუბება. თუ ვინმეზე ითქმის, რომ უნაკლო მებრძოლია, ეს სწორედ ავსტრალიელს ესადაგება ყველაზე მეტად. ცნობილია თავისი ზუსტი და ძლიერი დარტყმებით, რასაც მისი კრივის გამოცდილება ამყარებს. ხელით დარტყმების მრავალფეროვან არსენალთან ერთად შესანიშნავად იყენებს ფეხებსაც, რაც მას ძალიან არაპროგნოზირებადს ხდის. წარმოიდგინეთ კომბინაციები, სადაც ასეთი სიზუსტისა და ძალის პატრონი მებრძოლი ოთხივე კიდურს შერეულად იყენებს. ეს ჯერ კიდევ არაფერია მისი დაცვის უნარებთან და საბრძოლო IQ-თან, თითქმის შეუძლებელია ვოლკანოვსკი takedown-ზე გამოიჭირო. ბრძოლის დაგეგმვის თვალსაზრისით ვოლკანოვსკის ბადალი არ ჰყავს. ავსტრალიელი მეტსახელად „the great” თავისი ბრძოლების უმეტესობაში მოწინააღმდეგეს ტემპს თავად კარნახობს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ის არ კარგავს ინიციატივას და თვიტონ წყვეტს შეტევის დროა თუ დაცვის. არაა აფექტური და გაუწონასწორებელი. 35 წლის მებრძოლის რეკორდი (26-3-0)-ზე აქვს და აქედან 2-ჯერ ისლამ მახაჩევთან წააგო, რომელიც მისი წონითი კატეგორიის მებრძოლი არაა. ქვემსუბუქ წონაში ალექსანდრმა ტიტული 5-ჯერ დაიცვა, რაც მეტყველებს იმაზე, თუ როგორი პროფესიონალიზმით უდგება თითოეული ბრძოლის დაგეგმვას.

აი, ასეთი კაცის წინააღმდეგ, 17 თებერვალს, UFC 298-ზე ილია თოფურია იბრძოლებს და შეეცდება, ქართული სპორტის ისტორიაში, MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ქამარი მოიპოვოს. ვერავინ იტყვის, ვინაა ფავორიტი. უდიდესი გამოცდილება ზურგს ავსტრალიელს უამაგრებს, ილია კი მრავალმხრივი, სტრაიკინგით და ჭიდაობის უნარებით გამორჩეული მებრძოლია. რაც მთავარია დაამტკიცა, რომ 5 რაუნდის გაქაჩვა თავისუფლად შეუძლია და თავდაპირველ პერიოდთან შედარებით დგომში თავს შესანიშნავად იცავს, ილიას ძლიერი ყბა აქვს და ვაიდა ძლიერი დარტყმა გაატაროს, ეს აუცილებლად დასასრულს არ ნიშნავს. ილია დაგეშილი, დაფინიშებაზე ორიენტირებული ჩხუბის მანერითაა გამორჩეული, რომელსაც კომბინაციების მრავალმხრივი არჩევანი აქვს. ილიას რეკორდი UFC-ში (6-0)-ზეა. 17 თებერვალი მრავალი ქართველის გონებაში, შესაძლოა, წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩეს. დღე, როცა ყველა გადაჭრით იტყვის, რომ არსებობს ქართველი, რომელსაც ქუჩაში ვინც არ უნდა შეხვდეს, ვერავინ მოერევა.

მერაბ დვალიშვილი საქმეს ჰენრი სეხუდოსთან გაარჩევს

მერაბ დვალიშვილს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ საჩემპიონო ბრძოლა უკვე ჩანიშნული ჰქონდეს, თუმცა დანა უაითს სხვა გეგმები აქვს. დვალიშვილი თავის მეტსახელს ამართლებს და ნამდვილი „მანქანაა“, ძნელია გაგახსენდეს მებრძოლი, რომელიც მასზე გამძლე და ამტანია. მერაბს უკანასკნელი 9 ბრძოლიდან ყველა გამარჯვებით აქვს დამთავრებული და უკანასკნელით, სადაც რუსი პიოტრ იანი დაამარცხა, უფრო სწორად მაგრად სცემა, ნამდვილი ფურორი მოახდინა. დიდი ხნის განმავლობაში მეგობარ სტერლინგთან ჩხუბზე უარს ამბობდა, ამიტომ ჩემპიონობაზე ვერ გაიწია, ახლა კი, როცა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო’მალია, დანა უაითმა მათ სხვადასხვა მეტოქეები შეურჩია, რაც ნეიტრალურად განწყობილი თვალისთვის აშკარად უსამართლობაა, თუმცა ეს UFC-ია და აქ გადაწყვეტილებებს თავად ორგანიზაცია იღებს. ჰენრი სეხუდოსთან მერაბი ფავორიტია, სეხუდო მაგრად ჭიდაობს, ოლიმპიური ოქროს მფლობბელია, თუმცა 2 წლის განმავლობაში კარიერა დამთარებული ჰქონდა და ამას MMA, როგორც წესი, არავის პატიობს. თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობ, ანუ დვალიშვილმა სეხუდო მარტივად დაამარცხა, 2024 წელს მეორე საჩემპიონო ბრძოლასაც ვერ უნდა ავცდეთ და იქნებ, ერთდროულად ორ წონით კატეგორიაში, ქართველები წელზე ქამარშემოხვეულები ვიხილოთ.

წყალბურთელების მე-10 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ქართველი წყალბურთელებისთვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან იმაზე უკეთესი შედეგიც გვქონია, ვიდრე წელს.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა წააგო, შემდეგ მერვედფინალში რუმინეთთან დამარცხდა და 9-12 ადგილებისთვის ბრძოლა გააგრძელა. ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე ერთადერთი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ მოიგეს (15:10). მე-9 ადგილისთვის მატჩი, საფრანგეთთან (6:12) დავთმეთ და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დავასრულეთ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რეზი იმნაიშვილმა რუმინეთთან უღიმღამო თამაშის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა: "თამაშში, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის, მოვლენები ყველასთვის მოულოდნელად განვითარდა. ვიცით, ბევრს გავუცრუეთ იმედი, პირველ რიგში, საკუთარ თავს, და ამის გამოსასწორებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ზუსტად ასეთი მარცხით და მტკივნეული დაცემით ყალიბდებიან დიდი გუნდები და აღწევენ წარმატებას. კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას ყველას გაგებისა და გვერდში დგომისთვის“.

საქართველოს წყალბურთის ნაკრები აღმავლობის გზაზეა და ამას ზედიზედ 6-ჯერ ნათამაშები ევროპის ჩემპიონატიც მოწმობს.

ძიუდო და ძალოსნობა | ფავორიტის სტატუსით ოლიმპიადაზე

ერთადერთი რაც დაზუსტებით ვიცით და ჩვენთვის პრობლემას ისედაც არ წარმოადგენდა ისაა, რომ ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იქნებიან და ჩვენთვის ოქროს მოტანის მთავარი პრეტენდენტები არიან. 2023 წელს, მონპელიეში ჩატარებული ევროპის პირველობის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ იმ ქვეყნებისა და სპორტსმენების სიები გამოაქვეყნა, ვინც 2024 წელს პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს. ქვეყნის კვოტას კონტინენტების მიხედვით რეიტინგის ლიდერი ქვეყნები იღებენ. ევროპაში პირველი ნომერი საფრანგეთია (185 152 ქულა), მეორე – საქართველო (103 970 ქულა). ფრანგებს, როგორც ოლიმპიადის მასპინძლებს, ლიცენზიები გარანტირებულად აქვთ მიღებული, აქედან გამომდინარე, ქვეყნის კვოტა საქართველოს მიენიჭა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს "შამპ დე მარს" არენა უმასპინძლებს, რომელიც 8356 გულშემატკივარს იტევს.

ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრში გარანტირებულად საასპარეზოდ, საქართველოს ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანმა, სოფიო სომხიშვილმა სალიცენზიო ზონაში ადგილი შეინარჩუნოს, რადგან ქვეყნის კვოტით მხოლოდ ერთი ლიცენზია გაიცემა. ამ დროისთვის სოფიო ოლიმპიურ რეიტინგში 23-ე ადგილზეა და პირდაპირი ლიცენზია აქვს მოპოვებული. ზოგიერთმა ნაკრებმა შემადგენლობები ნაწილობრივ დაასახელა, თუმცა ოლიმპიადამდე კიდევ დიდი დროა და იქამდე მსოფლიო ჩემპიონატიც ჩასატარებელია, ამიტომ შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ფაქტი ერთია, თუ რამეში შეიძლება მომთხოვნები ვიყოთ - ეს ძიუდოა, რადგან უბრალოდ შევეჩიეთ და ობიექტურად, ჩვენი ძიუდოისტები ყველა წონის რეიტინგში მუდამ მოწინავე პოზიციებს იკავებენ. პარიზში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსით და ვერცხლისმედალოსნების გაათმაგებული ჟინით ჩავალთ, ამიტომ ნაკლებ შედეგს არ ველით.

ლაშა ტალახაძე | თავი ქუდში გვაქვს

ლაშა ტალახაძე ადამიანი ოლიმპიადაა, 2 ოქრო და ზედიზედ 6 წლის განმავლობაში შესრულებული დუბლი (ერთად მოგებული ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები). მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კაცი ქართველია და გაჩერებას არ აპირებს. ისეთ ფორმაშია, შეუძლია ზედიზედ მესამედ მოიგოს ოლიმპიური ოქრო და საბოლოოდ გადაგვრიოს, ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო, რადგან უდავოდ ყველაზე დიდი სპორტსმენია, რომელსაც შტანგისთვის ხელი მოუკიდია.

ერთადერთი, რაც ტალახაძისთვის განსხვავებული იქნება - წონითი კატეგორიაა. ცვლილების შედეგად, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში მედლები 14 წონითი კატეგორიის ნაცვლად 10-ში გათამაშდება, რაც ლაშა ტალახაძის კონკურენტებისათვის ნამდვილად დიდი უსიამოვნება იქნება. 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მედლები შემდეგ წონით კატეგორიებში გათამაშდება: კაცები – 61, 73, 89, 102 და +102 კგ, ხოლო ქალები – 49, 59, 71, 81 და +81 კგ. 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ტალახაძე +102 წონით კატეგორიაში იასპარეზებს. რიოსა (2016, +105) და ტოკიოს (2020, +109) ოლიმპიური თამაშები ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდების შემდეგ, ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც ფავორიტის სტატუსით სარგებლობს და რეკორდის დამყარებას ამჯერად უკვე განახლებულ წონით კატეგორიაში შეეცდება.

ქართული სპორტის ზეიმი?

კონტინენტის პირველობას ფეხბურთელები უმიზნებენ, ხელბურთელებმა უკვე დაიკავეს ელიტაში ადგილი და ამ სპორტის მაყურებლეთა გულები მოიგეს, კალათბურთელებს ოლიმპიადაზე ველოდებით, მორაგბეებისგან რაგბი ევროპის მოგება გვინდა, მებრძოლები მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტები არიან. ტალახაძე ოქროს კაცია "გარანტირებული" ოქროთი და ძიუდოისტებს იმედი არასდროს გაუცრუებიათ, მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს... ეს წელი უფრო დიდი წარმატებების განცდას ტოვებს, რადგან იმედების გამართლების შემთხვევაში, ერთჯერადი წარმატებების ამარა დარჩენას წესით უნდა ავცდეთ და მსოფლიო სპორტში ჩვენი, როგორც ქვეყნის სახელი უფრო დიდი შრიფტით ჩაიწეროს.

რომა დევიძე
რომა დევიძე

ესეც საინტერესოა