Belive
9 თვის წინ

გვჯერა! - წინ საუკეთესო ხმები და ევროპის ჩემპიონატი გველოდება

გვჯერა! - წინ საუკეთესო ხმები და ევროპის ჩემპიონატი გველოდება

“საუკეთესო ხმები სტადიონის ხმებია”, - ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მოლოდინში, ამ ფრაზას ყოველდღე იმეორებს ქართული ფეხბურთის ერთგული ქომაგი და ჩემი მეგობარი, ლევან აბრამიშვილი. აბრამას მთელი გულით ვეთანხმები. თითოეული დღის გათენებასთან ერთად, ვგრძნობ, ეს გუგუნი ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ გვიახლოვდება.

საერთო მიზნით გაერთიანებული ხალხის ემოციურ შეძახილები ერთგვარი მუსიკაა - ზოგი ‘გაუმაააააარ-ჯოს’ შეძახილს დირიჟორობს, ზოგიც თავისას გაჰყვირის, ამავე დროს, “ქომაგების” ინსტრუმენტები და შენი გული ერთ ტემპში ძგერს - მღერიან, საყვირებიც მრავლადაა. მატჩის დღეს, სტადიონთან ადრე მისვლა და ამ პროცესში თანამონაწილეობა ერთი სიამოვნებაა. იქ მყოფებს კითხვას რომ დაუსვამ, გვჯერაო, გიპასუხებენ და კარგად იცი, შენც ამ საერთო ენერგიის ფერხულში ხარ ჩაბმული. რომ დაუკვირდები, ხვდები - ხმების ეს კორიანტელი ქართული, ძარღვიანი მრავალჟამიერივით მუხტის მომცემი და ჰარმონიულია. 

ერთმა დიდმა მწვრთნელმა თქვა - ჩემი გუნდისთვის ყველა მატჩი ფინალიაო. პირველში ბუდუს დუბლით გავიმარჯვეთ, წინ მეორე ფინალი გველოდება - საბერძნეთთან გამარჯვების, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშის გვჯერა. “ჩვენ” არის ის, რაზეც საფეხბურთო ნაკრების მამოძრავებელი ბირთვი, “მე ვარ საქართველო” დგას - ეს მთელი ქვეყნის სათამაშო პლეი-ოფია, სადაც კარშიც ერთად ვიდგებით და პასსაც გავაკეთებთ, ბურთსაც წავართმევთ და გოლსაც აუცილებლად გავიტანთ.

გვჯერა იმ მიზეზითაც, რომ ფინალში თამაში ჩვენთვის უცხო ხილი აღარაა. რამდენიმე წლის წინ, ევროპაზე გასვლის ურეალურეს ნიშნულამდე მივედით, თუმცა ძალიან, ძალიან ცუდად ვითამაშეთ და უშანსოდ დავმარცხდით - ესეც გამოცდილებაა. დღევანდელ ნაკრებში არიან ბიჭები, რომლებმაც ის წაგება მოედანზე იწვნიეს და რომლებსაც მეტის დამტკიცება და გულშემატკივრისთვის ბედნიერების მოტანა სურთ. დღევანდელ ნაკრებში ის ბიჭებიც არიან, რომლებმაც ჩრდ. მაკედონიასთან მარცხს, ჩვენთან ერთად, ტელევიზორში უყურეს: ჩვენსავით გაწბილდნენ, ჩვენსავით ეტკინათ და ისტორიის ახალი ფურცლის დასაწერად ემზადებიან. 

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში კვარას არ უთამაშია, კიტეიშვილს ტრავმა ჰქონდა, მიქაუტაძის დებიუტი კი ვილი სანიოლის დროს შედგა

მათ შორისაა კვარაცხელია - კორონავირუსით ინფიცირების გამო, ხვიჩა მაკედონიასთან გამოგვაკლდა. დაუშვებელი შეცდომის გამო, გასული წლის ოქროს ბურთის ერთ-ერთი ნომინანტმა ლუქსემბურგთან შეხვედრაც გამოტოვა, თუმცა მას წინ მეორე ფინალი ელოდება. ამასთან, ჩაკვეტაძემ საოცრებების კეთებას კვლავ მოუხშირა, ბუდუ და ჟორჟი ბრწყინვალე ფორმაში არიან, გაუვალია მამარდაშვილი, მარად სტაბილური კაშია შემტევების დატერორებაზე ზრუნავს - სათითაოდ აღარ ჩამოვთვლი - თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანესია.

ნაკრებში დაბრუნებულ ჯაბა კანკავას გულშემატკივარი ოვაციებით შეხვდა, მაგრამ ის ჟესტი, როდესაც კაშიამ მას კაპიტნის სამკლავური გადასცა, არის ის, რაც შინაარსითა და სიმბოლიზმით ძალიან გვჭირდება. კაშიამ ასეთი განმარტება გააკეთა:

"ჯაბა არის მაგალითი, ბევრი თაობისთვის, ჩემთვისაც და პატივისცემა მინდოდა გამომეხატა. არ აქვს მნიშვნელობა, სამკლავური ჯაბას ეკეთება თუ კაშიას, ამ შემთხვევაში, ორივე გამოცდილი ბებერი ფეხბურთელები ვართ და ვცდილობთ, გუნდს დავეხმაროთ".

მაკედონიასთან მატჩისგან განსხვავებით, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს ცარიელ სტადიონზე არ ჩავატარებთ. გულშემატკივარს ბევრი რამ გვმართებს: წნეხს შეჩვეული საბერძნეთის ნაკრები არცერთი წუთით არ უნდა მოვასვენოთ. გვერდში დგომა რომ ვიცით, ეს ესპანეთთან მარცხისას გამოჩნდა, როდესაც თავსხმა წვიმაში არ დავიშალეთ - მატჩის ბედს რომ ვერასდროს შემოვაბრუნებდით და მაინც რომ იქ ვიდექით, გალუმპული ბაბუები შვილიშვილებს თავის ქურთუკებს რომ აფარებდნენ, აი იმ თამაშზე გეუბნებით.

ერთადერთი, რასაც გულშემატკივრების მხრიდან ვნატრობ, 90 წუთის განმავლობაში, უწყვეტი ხმაურია და ამ ამბავში, “ქომაგებს” აუცილებლად უნდა ავყვეთ. ხმაური გვიტყდება ხოლმე, ჰიმნსაც ჩუმად ვმღერით და არ ვიცი, რატომ. არადა, ამ მომენტში ისეთი ხმაურია საჭირო, ლადო ასათიანი რომ იტყოდა - “დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად, რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს"!

1981 წლის 13 მაისის “დინამო თბილისის” ტრიუმფი ის ლამაზი ისტორიაა, ბავშვობიდან რომ ჩამესმოდა. სულ იმას წარმოვიდგენდი, რა იქნებოდა, სიხარულით სავსე ხალხი ისევ სახლებიდან გარეთ გამოსულიყო, გაერთიანებულიყო, უცხოები ერთმანეთს გადახვეოდნენ და ნაჩხუბრები დაზავებულიყვნენ. მჯერა, რომ ამის დრო მოსულია და რომ “საუკეთესო ხმები” კიდევ უფრო ახლოსაა - როგორც მართლაც მახარობელმა კოტე მახარაძემ თქვა პირდაპირ რეპორტაჟში, საქართველოს დედაქალაქი ზეიმობსო (საბჭოთა პერიოდი იყო და სხვა მნიშვნელობა ჰქონდა), მჯერა, ასეთივე ემოციურ სიტყვებს მალე კიდევ მოვისმენთ.

ერთი სიტყვით, გვჯერა. გემის კაპიტანი კარტ ბლანშის მქონე ვილი სანიოლია. მისთვის, ევროპირველობაზე ასპარეზობა ერთ დროს ჩვეული ამბავი იყო, მაგრამ მან ზუსტად იცის, თუ რა განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ჩვენთვის გერმანიის საგზურის მოპოვება. მისი მიმართულებით ბევრი კრიტიკა ისმის, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფინალის მოგებაა. დარწმუნებული ვარ, გუნდის ტრიუმფს იმ ბიჭებთან ერთადაც ვიზეიმებთ, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო, ნაკრების მიღმა დარჩნენ. ამ შედეგით, ფრანგი სპეციალისტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელ, დაუვიწყარ კვალს დატოვებს.

მჯერა, მთელი გულით, ალალად მჯერა. როგორც ჩემთვის უსაყვარლეს მუსიკოსს, ნიაზ დიასამიძეს სჯერა ცა კავკასიონის, მეც იმდენად მჯერა, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია და რომ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ. ჩვენი ერთიანობა თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის, წინ კი საუკეთესო ხმები გველოდება.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა