Belive

World Rugby: ,,ზელანდია საქართველოს ძლევამოსილ და მტკიცე საპასუხო დარტყმას გადაურჩა''

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ირლანდიას 50:14 მოუგო.

ტურნირის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბის ვებგვერდმა ფინალური დღის ყველა მატჩი შეაჯამა და ყურადღება საქართველოსა და ახალი ზელანდიის შეხვედრასაც დაუთმო:

მატჩი მე-7 ადგილისთვის: საქართველო 26:50 ახალი ზელანდია

,,ახალი ზელანდია გადაურჩა საქართველოს ძლევამოსილ და მტკიცე საპასუხო დარტყმას (ჩვენი გუნდი 0:33-ს აგებდა, 65-ე წუთისთვის კი ანგარიში 26:33 იყო) და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა. ,,ანდაზური'' ორი ტაიმი გამოვიდა - პირველ ნახევარში ახალი ზელანდიის ტემპი გამოჩნდა, მეორეში კი სასაუბრო თემა საქართველოს სიძლიერე იყო.

საქართველოსთვის, რომელსაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მისთვის საუკეთესო შედეგი უკვე გარანტირებული ჰქონდა, ახალ ზელანდიელთა ტემპზე გამკლავება ზედმეტად რთული გამოდგა. მთელი ტურნირის განმავლობაში ისინი დაცვაში კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ზელანდიასთან პირველ 35 წუთში 38-დან 12 ბოჭვა გააფუჭეს. მეტოქემ ამით ბოლომდე ისარგებლა და ხუთი სწრაფი ლელოს დადება შეძლო.

თუმცა, ლადო კილასონიას ნაკრებს თამაში ადვილად არ დაუთმია და საქართველომ პირველი ტაიმის ბოლოს 2 ლელო დადო. მეორე ტაიმი კი ისე დაიწყო, როგორც პირველი დასრულდა - ქართველებმა თამაშზე კონტროლი მოიპოვეს. მაგრამ, მათთვის ახალ ზელანდიასთან პირველად მოგების იმედი მაშინ გაქრა, როცა ტაჰა კემარამ საჯარიმო მშვიდად შეასრულა და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისთვის სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა - უმცროსმა ,,ბორჯღალოსნებმა'' ტურნირში მე-8 ადგილი დაიკავეს, რაც ჩვენი ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგია. ლადო კილასონიას გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა (20:0) და იტალიის (30:17) დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები