Belive

"ვეცდებით უელსთან მარცხი ზელანდიასთან გამარჯვებით გამოვასწოროთ" - ბასა ხონელიძე

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასის მე-5 ადგილის ნახევარფინალში, უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ თანატოლებთან დამარცხდნენ. მეორე 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, ავსტრალიამ კაცნაკლული ახალი ზელანდია 44:35 დაამარცხა. შედეგად, საქართველო მე-7 ადგილისთვის "უმცროს ოლ ბლექსს" შეხვდება, მე-5 ადგილისთვის კი უელსი და ავსტრალია იბრძოლებენ.

უელსთან დასრულებული მატჩის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები აღდგენას გაივლიან, დაშვებულ შეცდომებს გააანალიზებენ და ახალ ზელანდიელ თანატოლებს შეერკინებიან. პრინციპული მატჩის წინ, ბასა ხონელიძეს ვესაუბრეთ. belive-სთან საუბარში, უმცროსი ბორჯღალოსნების ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა უელსთან განცდილი მარცხი - ახალ ზელანდიასთან გამარჯვებით გადაფარონ.



ბასა ხონელიძე: "U20მორაგბეთა ნაკრებში თამაში პირველად მომიწია და ძალიან გამიხარდა რომ მსოფლიო თასზე ვიღებ მონაწილეობას. ასევე, ამ ბიჭებთან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. პასუხისმგებლობამ და ერთობამ განაპირობა ისეთი ძლიერი გუნდების დამარცხება, როგორიცაა: ტიერ 1 ის ერები ინგლისი, არგენტინა, იტალია. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგაც ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. ნამდვილად არაა მარტივი ასეთი მაღალი დონის გუნდებთან თამაში და გამარჯვება, რაც ერთობამ მოიტანა.

მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ნაკლები ლელოების გაშვება ალბათ ჩვენმა გუნდურობამ განაპირობა. ასევე, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მოლის დაცვაზე რაც ისევე, როგორც შერკინება, ჩვენი ნაკრების უმნიშვნელოვანესი ძალაა. საერთო ჯამში მართლაც ბევრი ვიმუშავეთ დაცვაზე და შედეგიც ვაჩვენეთ.

უელსთან მატჩს რაც შეეხება, უბრალოდ ძალიან ცუდ მოედანზე მოგვიწია თამაში, სადაც ძალიან რთული იყო გადაადგილება, გადაწყობა, და მოლის დაცვაც. თამაშის დროს პატარა პრობლემებმაც იჩინა თავი, რის გამოსწორებაზეც ახლა ვმუშაობთ და ვეცდებით პრობლემები მაქსიმალურად აღმოვფხვრათ.

რა თქმა უნდა, უელსთან მარცხის შემდეგ გულდაწყვეტილები ვართ, რადგან ჩვენივე პატარა შეცდომების გამო ვერ ავეწყვეთ. ამ ყველაფერზე ერთად ვმუშაობთ. შემართება იგივეა და შემდეგი მატჩისთვის უფრო მოტივირებულები ვართ. წინ ზელანდიაა და ეს თამაში ნამდვილად არ იქნება მარტივი. ვეცდებით მაქსიმალურად გადავუჭიროთ ჭანჭიკებს და ყველა ჩვენი ძლიერი კომპონენტი ჭკვიანურად გამოვიყენოთ. უელსთან დაშვებული შეცდომებიც დაგვეხმარება კონცენტრირებაში - დანარჩენს თამაში გვაჩვენებს. მაქსიმუმს გავაკეთებთ ზელანდიის დასამარცხებლად!

პირველ რიგში გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ყოველთვის გვახსოვს ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან დიდი მუხტია. მათი მხარდაჭერა გვაძლიერებს. ვეცდებით უელსთან მარცხი ახალ ზელანდიასთან გამარჯვებით გამოვასწოროთ - ცოტა ამბიციური ნათქვამია, მაგრამ ჩვენი ნაკრებიც ამბიციურია".


347558602_689544792982021_7625789938218740556_n-732x406-1

შეგახსენებთ, U20 რაგბის მსოფლიო თასის მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში, უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები