"ვეცდებით თამაში უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ" - ნიკა ამაშუკელი
ქართველ მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის მატჩებზე იმუშავებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ ქაფის პირველი ტურის მატჩს და ჩემპიონთა თასის მეორე ტურის დაპირისპირებას განსჯის. ამაშუკელს კიდიდან საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე დაეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული საკლუბო რაგბის უპრესტიჟულესი ტურნირების მატჩებს, სრულიად ქართული სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება. ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში, "კასტრი" - "სკარლეტს" დაუპირისპირდება, ხოლო ჩემპიონთა თასის მეორე ტურში, "სტად ფრანსესა" და "ლესტერის" დაპირისპირება გაიმართება - ქართველი არბიტრები სწორედ აღნიშნულ მატჩებს გაუძღვებიან.
საერთაშორისო მატჩებზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდზე, ნიკა ამაშუკელის კომენტარი გავრცელდა.
წყარო: rugby.ge
მსოფლიო თასის შემდეგ, რომელმაც დიდი ენერგია წაიღო, თუმცა სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა, ელიტურ რაგბში ვბრუნდები. სასიამოვნო ჟესტია, რომ დეკემბრის თამაშებზე ბავშვობის მეგობრებთან – საბასთან და შოთასთან ერთად წარვსდგები. განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირებიდან, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია ემოციურად.
ასევე სასიამოვნოა, რომ ქართული სამსაჯო სკოლის მიმართ ნდობა იზრდება. ვეცდებით თამაში უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ და მესამე-მეოთხე ტურებშიც კარგი თამაშები წამოვიღოთ. ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის შეხვედრები ტიერ1-ის სანაკრებო მატჩებს არაფრით ჩამოუვარდება. აქ თამაშის ინტენსივობა, პრესისა და მაყურებლების მხრიდან წნეხი ისეთივეა, როგორიც უმაღლესი დონის სანაკრებო შეხვედრებში და საბას და შოთას განსხვავებულ ატმოსფეროში, მაღალ ინტენსივობასა და წნეხში მოუწევთ მუშაობა, რაც მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი. - ნიკა ამაშუკელი.