Belive

"უნდა ვეცადოთ, რომ მოედანზე საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტები ვიყოთ" - ლევან მაისაშვილი

11 თვის წინ რაგბი
1 წთ

ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, "შავი ლომი" ფრანგულ "კლერმონს" დაუპირისირდება და ბონუს ქულით გამარჯვების შემთხვევაში, პლეი-ოფში საასპარეზოდ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

პრინციპული სარაგბო დაპირისპირება 20 იანვარს, 17 საათზე, "მიხეილ მესხის სტადიონზე" გაიმართება. მატჩამდე "შავმა ლომმა" კაპიტნის ვარჯიში გამართა და ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

"თუნდაც რამდენიმე თვის წინ ვერავინ იფიქრებდა ჩელენჯ თასზე თუ ვითამაშებდით, იქ მიღების შემდეგ კი ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს შანსებს. ეს ლოგიკურიც იყო, მაგრამ ყველას და პირველ რიგში საკუთარ თავებს დავუმტკიცეთ, რომ კარგი თამაშების ჩატარება და გამარჯვებები შეგვიძლია. ის, რომ დღეს გულშემატკივარი "კლერმონთან" გამარჯვებას ითხოვს და ჩვენც იგივეს ვითხოვთ საკუთარი თავისგან, უკვე დიდი გამარჯვებაა. მწვრთნელისა და მორაგბისთვის არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, საკუთარ კედლებში, ასეთ ატმოსფეროში ითამაშოს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ".

"ყველა ქვეყნის გუნდს თამაშის საკუთარი სფეციფიკა აქვს. ფრანგები შეტევაში გაცილებით სახიფათონი და მრავალფეროვანი არიან და ფაქტობრივად არაფრისგან შეუძლიათ ქულის აღება. "კასტრთან" რამდენიმე საკვანძო მოთამაშე დაგვაკლდა. მათგან ორი – მიხეილ ბაბუნაშვილი და ლუკა ივანიშვილი დაგვიბრუნდა, თენგიზ პერანიძე კი ამჯერადაც დაგვაკლდება. მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მოედანზე საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტები ვიყოთ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ". - ლევან მაისაშვილი.
"მნიშვნელოვანი და პრინციპული თამაში გველის. "კლერმონს" ქართულ რაგბისთან მჭიდრო კავშირი აქვს, მის რიგებში არაერთ ლეგენდარულ ქართველ მორაგბეს უთამაშია და ეს ფრანგების დამოკიდებულებაშიც ჩანს. ისინი თბილისში ფაქტობრივად უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ვიცით, რომ ურთულესი იქნება გამარჯვება, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ლევან მაისაშვილთან, როგორც მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობის გახანგრძლივების შანსი გვექნება, თუ ფლეი ოფში გავალთ, მაგრამ რეალობასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. "კლერმონი" მაგარი გუნდია, ჩვენ მოტივირებულები ვართ და ველოდებით გულშემატკივარს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, წინ ძალიან მაგარი, სანახაობრივი თამაში გველოდება". - მერაბ შარიქაძე.

სხვა სტატიები