"უელსისა და საქართველოს დაპირისპირება ლოგიკური იქნება" - BBC
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ და საერთო ჯამში მეჩვიდმეტედ მოგების შემდეგ, გავლენიანი მედია საშუალებები, ფოკუსირებას კვლავ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებზე ახდენენ და ბორჯღალოსნებზე მაჟორულ ნოტაზე საუბრობენ.
6 ერში გავარდნა/აღზევების პლეი-ოფის დანერგვა, ან ტურნირის 7 ერად გადაკეთების შესახებ დაწყებულ დისკუსიებს დასასრული არ უჩანს და თანდათან სულ უფრო მეტი მომხრეა იმისა, რომ საქართველომ ევროპული რაგბის უმაღლეს იერარქიაში კუთვნილი ადგილი დაიკავოს.
BBC საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ ქოქრილის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ინგლისელი სპეციალისტი იმ უფლებაზე საუბრობს, რომელიც ბორჯღალოსნებმა თამაშის მაღალი ხარისხის გამო მიიღეს.

თუ 6 ერში ასპარეზობას ბოლო ადგილზე ასრულებ, რატომ გაქვს უფლება რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაბრუნდე და მომავალ სეზონში კვლავ ითამაშო? ჩვენ გვინდა მივიღოთ შესაძლებლობა, რათა დავამტკიცოთ, რომ ასეთ დონეზე კონკურენტუნარიანი თამაში შეგვიძლია. ამრიგად, ლოგიკური იქნება რომ გავარდნა/აღზევების პლეი-ოფი დაინერგოს.
მსოფლიო რაგბისთვის საოცარი თამაში იქნება - წარმოიდგინეთ საქართველოსა და უელსის პლეი-ოფის მატჩი, სადაც გამარჯვებული მომავალი წლის 6 ერის ტურნირზე თამაშის უფლებას მიიღებს. ეს იქნება თამაში, რომლის ხილვაც გულშემატკივრებს ნამდვილად ენდომებათ.
ვფიქრობთ, რომ შესაძლოა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის დიდწილად გადაზრდილები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი და რუმინეთი უმჯობესდებიან, ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ გაცილებით უფრო მაღალი დონისა და რთულ ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა. გვჭირდება, რომ მივიღოთ რთული გამოწვევა და ვიგემოთ მარცხის გემო. თამაშის წაგება საჭიროა, რათა გავიგოთ, თუ რა გრძნობაა ისეთ მაღალი დონის ტურნირში მონაწილეობა, როგორიცაა 6 ერი. იტალიამ ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში მიიღო.
ვგრძნობთ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ უფლება. არ გვჭირდება, რომ ადგილი გვაჩუქონ - ჩვენ გვინდა მივიღოთ შესაძლებლობა, რათა ყველას დავანახოთ, რომ ასეთი დონის ტურნირზე რეგულარულად თამაშისთვის მზად ვართ.
მიუხედავად ამისა, არ მიმაჩნია რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ 6 ერის რომელიმე წარმომადგენელი იყოთ, რატომ დაუჭერთ მხარს გავარდნა/აღზევების პლეი-ოფს? შესაძლოა ბოლოადგილოსანი შენ აღმოჩნდე და ამ ყველაფერს სარაგბო და ფინანსური კუთხით რომ შევხედოთ, მარცხი და 6 ერიდან გავარდნა დამღუპველი იქნება. თუმცა ეს იქნება თამაში, რომლის ხილვაც ხალხს სურს. საქართველოსთვის ეს იქნება დიდებული შესაძლებლობა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში გადაინაცვლოს. თუ ჩვენ ვიქნებით საკმარისად კარგი იმისთვის, რომ 6 ერის ბოლოადგილოსანი დავამარცხოთ, დიდ შესაძლებლობას მივიღებთ. იმ შემთხვევაში თუ დავმარცხდებით - გადავჯგუფდებით, განვითარებას განვაგრძობთ და თავდაუზოგავად ვიშრომებთ მორიგი შესაძლებლობის მისაღებად. ვფიქრობ, სულაც არაა რეალობას აცდენილი მოთხოვნა. - რიჩარდ ქოქრილი.
შეგახსენებთ, "მიხეილ მესხზე" გამართულ ფინალში ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნები ზედიზედ მერვედ დაეუფლნენ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულს. რაც შეეხება ინდივიდუალურ მიღწევას - აკა ტაბუცაძემ კარიერაში 50-ე სანაკრებო ლელო გაიტანა და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოთა მელელოვეთა შორის მე-6 ადგილზე დაწინაურდა.