წილისყრა 3 დეკემბერს გაიმართება - ყველაფერი რაგბის მსოფლიო თასის შესახებ
2027 წლის რაგბის მსოფლიო თასი 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, ავსტრალიაში გაიმართება. კონტინენტზე მსოფლიოს საუკეთესო 24 ნაკრები მოიყრის თავს და უილიამ ვებ ელისის თასისთვის იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება და ორგანიზატორები არაერთ სანახაობრივ დაპირისპირებას გვპირდებიან.
გასულ მსოფლიო თასებზე 20 ნაკრები ასპარეზობდა. მონაწილეები 4 ხუთგუნდიან ჯგუფში იყვნენ გადანაწილებული და ქვეჯგუფების საუკეთესო 2 გუნდი 1/4-ფინალში გადაიოდა. 2027 წელს, ფორმატი რადიკალურად იცვლება - 24 მონაწილე 6 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც პირველ და მეორე ადგილოსნები და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი 1/16-ფინალში გავა.
ამჟამად 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მონაწილე 23 ნაკრების ვინაობაა ცნობილი. საბოლოო (24-ე) მონაწილე ფინალური საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა. საკვალიფიკაციოზე ბრაზილიასა და პარაგვაის შორის გამარჯვებული, ბელგია, ნამიბია და სამოა ითამაშებენ. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს თასზე მონაწილე ყველა ნაკრების ვინაობა გახდება ცნობილი, წილისყრა ჩატარდება და ჯგუფები დაკომპლექტდება.
2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა 3 დეკემბერს, სიდნეიში გაიმართება და ცნობილი გახდება, თუ რომელ ჯგუფში ითამაშებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და ვინ იქნება ბორჯღალოსნების მეტოქე.
The qualified teams for the Men's Rugby World Cup 2027 🏆
— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 1, 2025
One place is still up for grabs ahead of the draw on the 3rd of December ✍️#RWC2027 pic.twitter.com/Ux854wdqqv
12 ნაკრები, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის პლეი-ოფში ითამაშა, ავტომატურად მოხვდა 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასზე. კვალიფიცირებული ქვეყნები: საფრანგეთი, ახალი ზელანდია, იტალია, ირლანდია, სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, უელსი, ფიჯი, ავსტრალია, ინგლისი, არგენტინა, იაპონია.
შემდეგი 12 საგზური იმ ნაკრებებზე განაწილდება, რომლებიც სხვადასხვა ტურნირების შედეგად მოიპოვებენ მონაწილეობის უფლებას. რაგბი ევროპის ჩემპიონატის, რაგბი აფრიკის თასისა და სხვა ტურნირების შედეგად, 11 მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. საქართველო, ესპანეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ტონგა, კანადა, აშშ, ურუგვაი, ჩილე, ზიმბაბვე, ჰონ კონგი.
როგორც აღვნიშნეთ, 24-ე და საბოლოო მონაწილის ვინაობა ფინალური საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად გაირკვევა, რომელიც ნოემბერში დუბაიში ჩატარდება. ტურნირზე ბრაზილიასა და პარაგვაის შორის გამარჯვებული, ბელგია, ნამიბია და სამოა ითამაშებენ.
როგორც კი მსოფლიოს მონაწილე ყველა ქვეყნის ვინაობა გახდება ცნობილი, ნაკრებები 1-დან 24-ის ჩათვლით სხვადასხვა კალათებში განაწილდებიან. კალათებზე გავლენას მსოფლიო რაგბის მიმდინარე რეიტინგი მოახდენს და ნაკრებები 3 დეკემბერს დაკავებული პოზიციის მიხედვით განაწილდებიან.
ამ მოცემულობით სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ინგლისი და არგენტინა მსოფლიო რაგბის რეიტინგის ტოპ 6-ში არიან და წილისყრაზე პირველ კალათში მოხვდებიან. შემდეგი ექვსეული ავსტრალია, შოტლანდია, ფიჯი, იტალია, საქართველო და უელსი მეორე კალათში მოხვდებიან. თითოეულ ჯგუფში იქნება მხოლოდ 1-1 გუნდი პირველი და მეორე კალათიდან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბორჯღალოსნება ნოემბრის ტესტებზე დადებითი შედეგი დააფიქსირონ და რეიტინგის საუკეთესო თორმეტეულში დარჩნენ.