მსოფლიო რაგბის, 6 ერისა და სანზაარის წარმომადგენელთა შეხვედრა დუბლინში გაიმართა. მსოფლიო რაგბიმ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ერების წარმომადგენლებს განსახილველად ახალი ტურნირის "ერთა ჩემპიონატი" პროექტი წარუდგინა.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის The Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "ერთა ჩემპიონატის" პროექტთან დაკავშირებით მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ახალი ტურნირის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ნოემბერში იქნება მიღებული. დუბლინში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ახალ ტურნირში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ერები (რეიტინგის მიხედვით) ორ დივიზიონში გადანაწილდებიან. "ერთა ჩემპიონატის" ეგიდით გასამართი მატჩები ივლისსა და ნოემბერში შედგება, ტურნირი კი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წესდების თანახმად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ერები სამხრეთელ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან. ტურნირის ბოლოს ფინალი და გავარდნა/აღზევების პლეი-ოფი გაიმართება.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ 6 ერის მონაწილე იტალია (14), რეიტინგში საქართველოსა (12) და სამოას (13) ქვევით იმყოფება, თუმცა იტალიელები "ერთა ჩემპიონატის" ელიტურ, პირველ დივიზიონში იასპარეზებენ. განვითარებადი ერები, ისეთი, როგორიცაა: საქართველო, სამოა, ტონგა, აშშ, ურუგვაი, რუმინეთი ტურნირის მეორე დივიზიონში მოხვდნენ.
"განვითარებადმა ერებმა, როგორიცაა: სამოა, აშშ და საქართველო მხარდაჭერა გამოხატეს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია ტესტ-მატჩების გარანტირებული გრაფიკი", - აღნიშნავს The Times.
"ერთა ჩემპიონატი" 2 წელიწადში ერთხელ გაიმართება. ტურნირი რაგბი მსოფლიო თასისა და "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" ტურნეს წლებში არ ჩატარდება.
"ერთა ჩემპიონატის" მეორე დივიზიონი 2024 წელს აიღებს სტარტს. პირველი დივიზიონი 2026 წელს დაიწყება.
პირველი დივიზიონი: საფრანგეთი, ირლანდია, ინგლისი, უელსი, შოტლანდია, იტალია (ჩრდილოეთი) - ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, ფიჯი, იაპონია (სამხრეთი)
მეორე დივიზიონი: საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, კანადა (ჩრდილოეთი) - სამოა, ტონგა, ურუგვაი, ჩილე, ნამიბია, აშშ (სამხრეთი).
გავარდნა/აღზევების პლეი-ოფი: დაპირისპირება გაიმართება პირველი დივიზიონის ჩრდილოეთის ბოლოადგილოსანსა და მეორე დივიზიონის ჩრდილოეთის პირველადგილოსანს შორის და სამხრეთის ბოლოადგილოსანსა და მეორე დივიზიონის სამხრეთის პირველადგილოსანს შორის.
"ერთა ჩემპიონატის" ელიტური დივიზიონი სტარტს 2026 წელს აიღებს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის შერკინებაში, 6 ერის მონაწილე, საუკეთესო 6 ევროპული ნაკრები (საფრანგეთი, ირლანდია, ინგლისი, უელსი, შოტლანდია, იტალია) რაგბი ჩემპიონშიპის 4 ერს (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა) დამატებული ფიჯი და იაპონია დაუპირისპირდება. ივლისში, ევროპული ქვეყანა 3 თამაშს სამხრეთში გამართავს - ნოემბერში, სამს შინ უმასპინძლებს. 2 წელიწადში ერთხელ გამარჯვებულის გამოსავლენად, ჩრდილოეთის საუკეთესო ერი სამხრეთის საუკეთესო წარმომადგენელს, დიდ ფინალში დაუპირისპირდება. რაც შეეხება გავარდნა/აღზევების სისტემას - პირველი დივიზიონის ბოლოადგილოსნები პლეი-ოფში მეორე დივიზიონის საუკეთესოებს დაუპირისპირდებიან.
ელიტისაგან განსხვავებით, "ერთა ჩემპიონატის" მეორე დივიზიონი, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იასპარეზებს 2024 წელს აიღებს სტარტს. "ბორჯღალოსნები" სამხრეთული ერების წინააღმდეგ 6 მატჩს გამართავენ (3 სტუმრად, 3 შინ). ტურნირი მსოფლიო თასისა და "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" ტურნეს წლებში არ ჩატარდება. აღზევება/დაქვეითება შეეხება მხოლოდ ამ ტურნირს და 6 ერსა და რაგბი ჩემპიონშიპზე არ იმოქმედებს.