Belive

თბილისში ეს ბიჭები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ბრძოლას გამართავენ

8 თვის წინ რაგბი
4 წთ

ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, "შავი ლომისა" და "კლერმონის" დაპირისპირება შედგება. 20 იანვარს, 17:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" უმნიშვნელოვანესი სარაგბო დაპირისპირება გაიმართება, რის შემდეგაც პლეი-ოფში გასული გუნდების ვინაობა გახდება ცნობილი.

"შავ ლომთან" გასამართი მატჩის წინ, "კლერმონის" ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ეს არ არის მხოლოდ კლუბი და ეს არ არის მხოლოდ ფრენჩაიზი - "შავი ლომი" ბორჯღალოსნების (საქართველოს მორაგბეთა ნაკრები) მთავარ სამჭედლოს წარმოადგენს. საქართველოს ნაკრებსა და "შავ ლომს" ერთი და იგივე მწვრთნელი (ლევან მაისაშვილი) და კაპიტანი (მერაბ შარიქაძე) ჰყავს. ჩელენჯ ქაფის სადებიუტო სეზონში, "შავი ლომის" მოთამაშეები კვართის ღირსეულად წარმოსაჩენად თავგანწირვით იბრძვიან - ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, "შავ ლომს" პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს. ფრენჩაიზი დაკომპლექტებულია მოთამაშეებით, რომელთაც ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ - ასევე არიან მოთამაშეები, რომლებიც ფრანგულ კლუბებში წლების განმავლობაში თამაშობდნენ. თბილისში, მიხეილ მესხზე, ეს მორაგბეები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ბრძოლას გამართავენ.

"ავჭალის სარაგბო სტადიონი", სადაც "შავი ლომი" ვარჯიშობს და რაგბი ევროპის სუპერ თასის მატჩებს მასპინძლობს, საკმარისი არ იქნება, რადგან მატჩზე დასწრებას უამრავი გულშემატკივარი გეგმავს. "გლოსტერთან" მატჩს 6000-ზე მეტი ფანი დაესწრო და თბილისში ვარაუდობენ, რომ "კლერმონთან" მატჩს მინიმუმ ორჯერ მეტი გულშემატკივარი დაესწრება. "კლერმონი" უდიდესი ყურადღებით უნდა მიუდგეს კლუბს, რომელმაც "გლოსტერს" დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდა (10:15). ამის შემდეგ, ლჰანეჰლიში, "შავმა ლომმა" სტუმრად "სკარლეტსი" დაამარცხა - აღსანიშნავია, რომ ქართველები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ. გასულ კვირას, "კასტრს" თითქმის 1 საათი მოცდა დასჭირდა, სანამ ქართველებს საბოლოოდ გატეხდა და მხოლოდ 77-ე წუთზე გატანილი ლელოს შემდეგ გაიფორმა ბონუსი.

შავი ლომისა და ბორჯღალოსნების ცენტრი - გიორგი კვესელაძე

უნდა ითქვას, რომ ამ გუნდს საკმაოდ სოლიდური საყრდენი გააჩნია, რადგან მოთამაშეთა უმრავლესობა ნაკრების წევრია, მთლიანად კლუბი კი ქართველი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. გასაკვირი არაა, რომ თბილისელთა შერკინება ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა და ბურთის შენახვის 83%-იანი მაჩვენებელი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გასული 3 ტურის განმავლობაში შეტევა ნაკლებად ეფექტური იყო და კლუბმა მხოლოდ 3 ლელოს გატანა მოახერხა, საინტერესო იქნება რამდენიმე მოთამაშეზე დაკვირვება. ცენტრი - მერაბ შარიქაძე "შავი ლომის" კაპიტანია, ის "ორიაკში" 5 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ახალგაზრდა და იმედისმომცემი ლუკა მატკავა გამორჩეული მოთამაშეა, მან 18 ბოჭვა შეასრულა და ბურთით 234 მეტრი დაფარა - მეტი, ვიდრე ნებისმიერმა ქართველმა მოთამაშემ. მაგრამ, ასევე უნდა დავაკვირდეთ ფრთის მოთამაშე აკა ტაბუცაძეს, რომელიც გასული მსოფლიო თასის ერთ-ერთი თვალსაჩინო მონაწილე გახლდათ.

კრისტოფ ურიოს ბიჭები მატჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოემზადონ, რადგან მეოთხე ტურში მათ მოუწევთ დაუპირისპირდნენ კლუბს, რომელიც საკუთარ სტადიონზე, კვართის დასაცავად იბრძოლებს. ქართველებისთვის "კლერმონთან" მატჩი, რომელიც არ გავს არც ერთ ქართულ კლუბს, ღირსების საკითხია - "შავი ლომის" მოთამაშეები საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად, თავგანწირვითა და შემართებით ითამაშებენ.

სხვა სტატიები