Belive

სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ უცვლელი ჩემპიონია!

2 წლის წინ რაგბი
6 წთ

‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ 29:17 დაამარცხა და თასი ზედიზედ მეორედ ჩაიბარა.

ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირი შარშან დაარსდა და პირველ ფინალს ლისაბონმა უმასპინძლა. მაშინ ქართულმა ფრენჩაიზმა პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ 17:14 დაამარცხა. ამჯერად ფინალს საქართველომ უმასპინძლა და ჩვენმა გუნდმა ტიტული კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით დაკომპლექტებული ‘ჰითი’, წელს ბევრად უკეთესი გუნდი იყო და ისრაელში ‘შავ ლომს’ 24:18 სძლია, მანამდე კი ქუთაისში გამარჯვება არ დაანება – 25:25. ამრიგად, 17 დეკემბერს, ‘შავი ლომის’ მორაგბეებს ტიტულის დაცვასთან ერთად რევანში სწყუროდათ და გამარჯვებაც პრაქტიკულად პირველივე ნახევარში დაიბევეს.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ფინალური შეხვედრა კარგად, მაღალ ტემპში დაიწყეს. დაცვაში აგრესიულ და საიმედო თამაშთან ერთად, მასპინძლები ფაზების აკინძვას ახერხებდნენ, უპირატესობას ფლობდნენ შერკინებასა და დერეფანში, ხელდახელ სწრაფად შლიდნენ ბურთს და ფრთებზე მოპოვებული უპირატესობით ლამაზი ლელოები გაიტანეს.

მატჩის დებიუტში ანგარიში ლუკა მატკავამ ჯარიმით გახსნა. განახლდა თუ არა შეხვედრა მირიან მოდებაძემ ცენტრში გადაცემა ჩაჭრა და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, გრძელი გადაცემის შემდეგ კი სანდრო მამამთავრიშვილი ფრთაზე ლელოს აუცილებლად გაიტანდა, რომ არა ნაილ სანდერსის მიერ უბურთო მოთამაშეზე თამაში (მოდებაძეს ხელი კრა). პორტუგალიელმა რეფერიმ თანამსაჯთან კონსულტაციის შემდეგ სანდერსი გაასინბინა, ‘ჰითი’ კი საჯარიმო ლელოთი დასაჯა.


222-8



მე-11 წუთზე ‘შავი ლომი’ კიდევ უფრო დაწინაურდა. მარცხენა ფრთაზე მეტოქე მძლავრი კონტაქტით ნიკო აფციაურმა ჩამოიცილა, სიჩქარე აკრიფა და 22-ში შევიდა, მას კარგად მიყვნენ თანაგუნდელები, დემე თაფლაძემ რაქიდან ბურთი აიტაცა და მეორე ლელო გაიტანა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო – 15:0. ‘ჰითი’ გააქტიურდა და მათი მწვავე შეტევა ჯარიმის ხარჯზე მოვიგერიეთ, რასაც ჯორდან ხაიტის 3 ქულა მოყვა.

მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი სრულად აკონტროლებდა თამაშს და მეტოქემ პროვოკაციებს მიჰყო ხელი, რასაც რამდენჯერმე მოთამაშეთა შორის წაკინკლავება მოყვა. ამან თამაშის ტემპი დააგდო, ნერვიულობა ტექნიკურ მხარეზეც აისახა და ორი სალელოვე შეტევა არაზუსტი პასის გამო გავანიავეთ. თუმცა ტაიმის ბოლოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ლაშა ხმალაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი მოხსნა და კონტრშეტევა წამოიწყო, ოვალი ორივე ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა და მარჯვენა ალამთან ხმალაძის ლელოთი დასრულდა. ის ორ მცველთან შევიდა კონტაქტში, ფეხზე დარჩა, 6-7 მეტრი დაფარა და 5 ქულა მიითვალა, მატკავამ კი გარდასახა – 22:3.

მეორე ტაიმიც ‘შავი ლომის’ სწრაფი, ფაზური შეტევით დაიწყო. წითელ ზონაში ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ, ლუკა მატკავამ ზურგს უკან სივრცე შენიშნა, ცრუმოძრაობის შემდეგ ხაზი სუფთად გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა. როგორც ჩანს, 26-ქულიანმა უპირატესობამ მორაგბეები მოადუნა, ამას შეცვლები დაერთო და გარკვეული დროით თამაშის დალაგება გაგვიჭირდა.

რადგან ჯარიმები მოგვიმრავლდა, ‘ჰითმა’ ჩვენს 22-ში დიდი დრო გაატარა და 55-ე წუთზე იური ფან ფირენმა, ხოლო 59-ეზე ჰესელი ნასებემ ლელოები გაიტანეს, ხაიტმა კი ორივე გარდასახა. მასპინძლები გამოერკვნენ და რომ არა ტექნიკური წუნი, მეხუთე ლელოს მალევე გაიტანდნენ, ასე კი სტუმრებს 12-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი შერჩათ, განსაკუთრებით თორნიკე აქუბარდიას სინბინის შემდეგ, მაგრამ ‘შავმა ლომმა’ თავი ამჯერად კარგად დაიცვა და 29:17 გაიმარჯვა.

„პირველ ტაიმში თამაში არ წაგვივიდა. შესვენების შემდეგ დაბრუნება მოვახერხეთ, მაგრამ ეს სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო ამ სეზონში“ – განაცხადა ნამატჩევს ‘ჰითის’ მთავარმა მწვრთნელმა კევინ მუსიკანტმა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი ტაიმი დიდი სხვაობით მოვიგეთ და მართალია მეორე ტაიმში მეტოქე თამაშში დაბრუნდა, თუმცა გამარჯვება დავიმსახურეთ“ – აღნიშნა ‘შავი ლომის’ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

„პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და მეორეც კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე რატომღაც მოვეშვით და მეტოქეს სხვაობის შემცირების შესაძლებლობა მივეცით. ეს ‘ჰითის’ დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან კარგი გუნდია. ვფიქრობ, საინტერესო ფინალი გამოვიდა. ვულოცავ ჩემს გუნდს და მთელს ქვეყანას ამ გამარჯვებას“ – თქვა ‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ფინალი
17 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა
შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი) 29:17 (22:3)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. პაატა გალდავა, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

4 ლელო: საჯარიმო, თაფლაძე, ხმალაძე, მატკავა

2 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები