სუპერ თასი | შავი ლომი - ნახევარფინალი ისრაელიდან
3 წლის წინ
რაგბი
4 წთ
ფეთაჰ’თიქვაში გამართული თამაში უხვქულიანი და უხვლელოიანი აღმოჩნდა. მასპინძლებმა 4 ლელო გაიტანეს, ქართველებმა 7 და რაც მთავარია, ხარისხიანი თამაშის შედეგად, გამარჯვების ბედი ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ. ამ დღეს გუნდი კარგი იყო მოლში და მრავალფეროვანი ხელდახელ თამაშში. ასევე ეპიზოდების გარდა საიმედოდ იდგა დაცვაში, ის რამდენიმე შეცდომა კი, გაშვებულ ლელოებად დაგვიჯდა. სასიხარულოა, რომ სტადიონის ტრიბუნებიდან "შავ ლომს" მრავლად ქომაგობდნენ ქართველები, რისთვისაც მათ გუნდის და რაგბის კავშირის სახელით მადლობას ვუხდით.
თეთრ ფორმაში მოთამაშე "ლომებმა" შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ლაშა ხმალაძემ, ლუკა ივანიშვილმა და აკა ტაბუცაძემ 5 წუთში სამჯერ გაჭრეს ხაზი. მე-7 წუთზე მეტოქე მისსავე 22-ში, მისსავე შერკინებაში დავაჯარიმეთ. ამას დერეფანი, მოლი და სანდრო მამამთავრიშვილის ლელო მოყვა. გიორგი ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. მე-17 წუთზე ტაბუცაძის კარგ თამაშს მეტოქის 22-თან აუტი მოყვა, იქიდან აგორებულმა მოლმა ბოლომდე იარა და გუნდის კაპიტანმა შალვა მამუკაშვილმა იმ დღეს თავისი პირველი ლელო გაიტანა. "თელავივი" გააქტიურდა და პასუხის გაცემა სცადა, მაგრამ აგრესიულ დაცვას წააწყდა. ასე გაგრძელდა 23-ე წუთამდე, მერე მსაჯმა თორნიკე აქუბარდია გაასინბინა და მეტობა მასპინძლებმა გარდასახულ ლელოში ასახეს. შესვენებამდე გუნდებმა თითო-თითო სახიფათო შეტევა გაცვალეს, ბაბუნაშვილმა ორი ცდიდან ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 17:7 დასრულდა.
ლელოების თანაფარდობა 6-2-ზე იყო და საფრთხე არსაიდან ჩანდა, მაგრამ წაკინკლავებებს ორჯერ მოყვა ჯარიმის შეტრიალება და ჯერ ნიკოლოზ ხატიაშვილის, მერე ნოდარ ჭეიშვილის სინბინი. მეტობაში მოთამაშე მასპინძლებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და ამით გამარჯვებულს საფრთხე ვერ შეუქმნეს, მაგრამ ბონუსისთვის საჭირო ლელოთა სხვაობა შეცვალეს. გაწითლებულ დროზე ეს საჭირო სხვაობა დაბრუნდა. დემე თაფლაძემ საკუთარ 22-ში ჩაჭრა ბურთი და შეუტია, კონტრშეტევა ოფლოუდის შემდეგ პერანიძემ გააგრძელა, მის ფეხით შეცურებულს კი ტაბუცაძე მიყვა და დუბლით ბონუსი დაგვიბრუნა. ბაბუნაშვილმა ესეც გარდასახა – 52:28.
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი