Belive

შოტლანდია 33:6 საქართველო - სტატისტიკით გამყარებული მარცხი

1 წლის წინ რაგბი
6 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით მატჩში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. ედინბურგში, საკულტო სტადიონ "მერიფილდზე" გამართული მატჩი, მასპინძლების გამარჯვებით 33:6 დასრულდა.

"მერიფილდზე" მოგებული ტაიმი სასიხარულოა, თუმცა, მეორე ტაიმში კარგი გაკვეთილი მივიღეთ. ორი კონტრასტული ტაიმის შემდეგ, მთლიანობაში ბორჯღალოსნების თამაში დადებითად შეფასდა - მაგრამ გამოიკვეთა, რამდენიმე საგანგაშო დეტალი, რომლის გამოსწორებაც რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, ძალიან რთულია.

მატჩის პირველი ტაიმი იდეალურად ჩავატარეთ და "მერიფილდზე" შეკრებილი პუბლიკა გაოგნებული დავტოვეთ, როდესაც დაცვაში დიდებულად ვითამაშეთ და ქულების დასაგროვებლად მეტოქეს მცირედი შანსიც კი არ მივეცით, ხოლო შეტევაში ორი ჯარიმა გავიტანეთ და პირველი ტაიმის შემდეგ, ტაბლოზე ყველასთვის მოულოდნელი შედეგი (0:6) დავაფიქსირეთ. გასაკვირი არაა, რომ მეორე ტაიმში შოტლანდია მთელ თავის რესურსს ჩართავდა, რათა თამაში შემოებრუნებინა და ეს ასეც მოხდა. დაცვაში თამაშით გადაღლილი ბორჯღალოსნების რიგებში სივრცეები გაჩნდა, რაც ფინ რასელმა იდეალურად გამოიყენა და დუან ვან დერ მერვეს ბრწყინვალე ლელო გაატანინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ვან დერ მერვემ პირველი სანაკრებო ლელო ბორჯღალოსნების წინააღმდეგ გაიტანა და 26 აგვისტოს, რიგით მე-19 და მე-20 ლელოებიც ჩვენ გაგვიტანა. 

ის რაც პირველ ტაიმში გამოგვდიოდა იდეალურად - ჩამოგვეშალა მეორე ტაიმში. შოტლანდიამ გაილაღა, 33 ქულა დაგვიგროვა და მატჩი 33:6 დასრულდა. 

შოტლანდიამ რიგით მე-6 დაპირისპირებაშიც დიდი ანგარიშით დაგვამარცხა და კარგი სარაგო გაკვეთილი ჩაგვიტარა, რომელსაც შესაბამისი ანალიზი სჭირდება, რათა სამომავლოდ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი გავხდეთ. 

გადავხედოთ სტატისტიკას, რომელიც კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს, თუ რა სხვაობაა პირველი და მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის. შოტლანდიამ, რომელიც ტიერ 1-ის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელია, რაგბის ძირითად კომპონენტებში, როგორც ინდივიდუალურ - ასევე გუნდურ სტატისტიკაში დაგვჯაბნა. 

 

გუნდური სტატისტიკა

ბურთის ფლობის მხრივ პირველ ნახევარში შედარებით თანაბარი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში "ნარშავებმა" ბურთს პრაქტიკულად არ გაგვაკარეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რის გამოც გამუდმებით დაცვაში გვიწევდა გარჯა. 

(შოტლანდია) 56%/80% ბურთის ფლობა 1ტ/2ტ 44%/20% (საქართველო)

გასაკვირი არაა, რომ ტერიტორიული უპირატესობაც მასპინძლების მხარეს იქნებოდა და ბურთის ფლობის მსგავსად, ეს კომპონენტიც მეორე ტაიმში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. 

(შოტლანდია) 61%/70% ტერ. უპირატესობა 1ტ/2ტ 39%/30% (საქართველო)

როგორც აღვნიშნეთ, შოტლანდიამ გუნდური თვალსაზრისით პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაგვჩაგრა - ერთადერთი გამონაკლისი მოლები იყო და არ შეიძლება არ ითქვას, რომ დაცვით მოლებში ბრწყინვალედ ვითამაშეთ. შეტევითი მოლები კი პრაქტიკულად არ გვქონია, რადგან მეორე ტაიმში თითქმის ყველა ჩვენი დერეფანი დავთმეთ. ასევე კარგად ვითამაშეთ რაქებში 

  • ხაზის გაჭრა - 8-3
  • მოტყუებული მცველი - 31-8
  • ოფლოუდი - 18-6
  • რაქი - 117/123 (95%) - 47/49 (95%) 
  • მოლი - 7/8 (87%) - 3/5 (60%)
  • შერკინება - 8/10 (80%) - 3/3 (100%)
  • დერეფანი - 16/16 (100%) - 8/13 (61%)
  • ბურთით გავლილი მეტრები - 757 - 397
  • ბურთის ფლობა - 68% - 32%
  • ტერიტორიული უპირატესობა - 66% - 34%
  • ბოჭვები - 96/104 (92%) - 194/225 (86%)
  • ჯარიმა - 7 - 12

თამაშის სურათი ნათლადაა ასახული სტატისტიკაში. შოტლანდია ფლობდა ბურთის ფლობისა და ტერიტორიულ უპირატესობას. ნარშავებმა ბურთით თითქმის ორჯერ მეტი გაიარეს, საქართველოს კი დაცვაში უწევდა თამაში, რაც შესრულებული ბოჭვების რაოდენობაზეც აისახა. ასევე თვალშისაცემია ის გარემოება, რომ ბორჯღალოსნებმა 31 ბოჭვა გააფუჭეს, შოტლანდიამ კი მხოლოდ 8. 

 

ინდივიდუალური სტატისტიკა

დაცვაში მოთამაშე ბორჯღალოსნებს რომ ინდივიდუალური სტატისტიკის გარკვეულ კომპონენტებში უპირატესობა ექნებოდათ, გასაკვირი არაა, მაგრამ დავით ნინიაშვილმა ნამდვილად სასიხარულო სიუპრიზი შემოგვთავაზა. ნინიაშვილმა ბურთით ხელში ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მეტრი გაიარა, რაც მსოფლიო თასის წინ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. 

  • ბურთის წაღება/ მოგებული მეტრები - დავით ნინიაშვილი 14 წაღება, 115 მეტრი, 5 მოტყუებული მცველი. დუან ვან დერ მერვე 17 წაღება, 112 მეტრი, 11 მოტყუებული მცველი. კაილ შტეინი 15 წაღება, 102 მეტრი, 2 მოტყუებული მცველი. 
  • ბოჭვები/გაფუჭებული - მერაბ შარიქაძე 23/0. თორნიკე ჯალაღონია 20/1. ლუკა ივანიშვილი 17/2. ჯეკ დემპსი 13/0. გრანტ გილკრისტი 11/0. 

ბურთით ხელში დავით ნინიაშვილმა ყველაზე მეტი მეტრი გაიარა, მერაბ შარიქაძემ კი 23 ზუსტი ბოჭვა შეასრულა, რაც ორივე გუნდის რიგებში ასევე საუკეთესო მაჩვენებელია. 

ედინბურგში, შოტლანდიასთან მოგების იმედი ნაკლებად გვქონდა და მარცხი ნამდვილად არაა კატასტროფა, მაგრამ შერკინებასა და დერეფანში კატასტროფული თამაშის შედეგად პრაქტიკულად უბურთოთ ვიყავით და გამუდმებით თავის დაცვა გვიწევდა, რაც მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 კვირით ადრე არაა ის სურათი, რისი ხილვაც გულშემატკივარს სურს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ფიჯი ბრწყინვალე ფორმაშია და "თვიქნემზე" ინგლისს ამარცხებს (22:30). 

ავსტრალიის, ფიჯისა და უელსის წინააღმდეგ უბურთოდ ყოფნა და გამუდმებით დაცვაში თამაში, შერკინებისა და დერეფნების ტოტალური დათმობა, რა შედეგს მოგვიტანს ვფიქრობ ყველამ ვიცით, მაგრამ წინ კიდევ 2 კვირაა და იმედი ვიქონიოთ, რომ შოტლანდიასთან მატჩს სწორი ანალიზი და შეფასება მიეცემა, რაც სამომავლოდ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. 

სხვა სტატიები