შონ სოვერბი და კონორ მაკფილიპსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდნენ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა - რიჩარდ კოკერილმა ასისტენტები წარადგინა. "შევარდენის სარაგბო ბაზაზე" გამართულ შეხვედრაზე, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბს, შონ სოვერბი და კონორ მაკფილიპსი შეუერთდნენ.
ცნობილია, რომ რიჩარდ კოკერილი "ბორჯღალოსნების" გარდა "შავ ლომსაც" გაწვრთნის, თუმცა, სოვერბი და მაკფილიპსი მხოლოდ ნაკრებში იმუშავებენ.
დავიმატეთ ორი გამოცდილი მწვრთნელი. შონს უდიდესი გამოცდილება აქვს როგორც მოთამაშეს და მწვრთნელს. ის დერეფნისა და დაცვის მწვრთნელი იქნება, გუნდს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ქართულ რაგბის შემდეგ განვითარებაში დაეხმარება. კონორი შეტევის მწვრთნელი იქნება. ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პეტ ლამთან ‘კონახტში’, ბოლოს კი პრემიერშიფის ‘ბრისტოლში’ მუშაობდა. ორივე სპეციალისტს ზურგს უმაგრებს საერთაშორისო გამოცდილება და ძალიან კარგია საქართველოში ჩამოსვლა რომ შეძლეს. მოუთმენლად ველი მათთან ერთად სამუშაო პროცესის დაწყებას. ორშაბათიდან შევიკრიბებით და დავიწყებთ მზადებას გერმანიისთვის. - რიჩარდ კოკერილი.
შონ სოვერბი
45 წლის სამხრეთ აფრიკელ შონ სოვერბის „ქურციკების“ კვართით 2002 წელს ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან პროფესიონალი მოთამაშის კარიერა სამშობლოში, ‘შარქსში’ დაიწყო, თუმცა მალევე საფრანგეთს მიაშურა და 2004-2007 წლებში ‘სტად ფრანსეს’, 2007-2012 წლებში ‘ტულუზას’, 2012-2014 წლებში კი ‘გრენობლის’ ღირსებას იცავდა. 8 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე შონი ‘ტულუზასთან’ ერთად 2008 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, 2010 წელს კი ჩემპიონთა თასს დაეუფლა.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის ერთი წლით სამშობლოში დაბრუნდა და ‘აღმოსავლეთ პროვინციის კინგსის’ ფორვარდების მწვრთნელი იყო. სოვერბი მალევე დაბრუნდა საფრანგეთში და 2015-2017 წლებში ასისტენტად ‘მონპელიეში’ მუშაობდა, 2019 წლიდან კი ‘ბიარიცის’ მთავარი მწვრთნელი გახდა და პოსტი გასული სეზონის ბოლოს დატოვა. შონ სოვერბი ბორჯღალოსნებში დერეფნისა და დაცვის მწვრთნელი იქნება.
კონორ მაკფილიპსი
42 წლის კონორ მაკფილიპსი ირლანდიაში, დუბლინში დაიბადა და პროფესიული კარიერა ‘კონახტში’ გაატარა (2003-2009). პირველ სეზონში მან გუნდის კვართით 11 ლელო გაიტანა და კელტების ლიგის (ამჟამად გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი) საუკეთესო მელელოვე გახდა. მთლიანობაში, მან ‘კონახტის’ კვართით ჩემპიონატში 20, ხოლო ჩელენჯ თასზე 12 ლელო გაიტანა და ერთი ხანობა კლუბის ისტორიაში საუკეთესო მელელოვე იყო.
კონორმა გუნდთან ერთად ორჯერ ითამაშა ჩელენჯ თასის ნახევარფინალში, რაც კლუბისთვის საუკეთესო შედეგია. 2007 წლის მსოფლიო თასამდე ‘კონახტმა’ სამხრეთ აფრიკასთან გასახურებელი შეხვედრა გამართა და იმ წელს „ბოკე“ ჩემპიონი გახდა.
1999-2002 წლებში მაკფილიპსი ირლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა, მათ შორის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2006 წელს ის „ჩერჩილის თასზე“, ირლანდიის ა ნაკრებში მიიწვიეს და ორი თამაში ჩაატარა, 2001-2008 წლებში კი, პარალელურად ირლანდიის 7-კაცა ნაკრებში თამაშობდა და ორ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კონორი ირლანდიის შიდა ჩემპიონატის გუნდში, ‘სენტ მერის კოლეჯში’ მოთამაშე-მწვრთნელი გახდა, მომდევნო წლიდან კი მშობლიურ ‘კონახტს’ დაუბრუნდა, ჯერ ვიდეო-ანალიზის სპეციალისტად, მერე კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. 2017 წელს ის ინგლისის ჩემპიონშიფის ‘ბრისტოლში’ გადავიდა, სადაც პეტ ლამის ასისტენტი იყო და პირველსავე წელს გუნდს პრემირშიფში აღზევებაში დაეხმარა. კონორ მაკფილიპსი ბორჯღალოსნების შეტევის მწვრთნელი იქნება.