იტალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების მოპოვების შედეგად, ამაღლებულ ნოტაზე დასრულებული ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მორიგი სასიხარულო სიახლე ელის.
შემოდგომის ტესტ-მატჩების ეგიდით გასამართ შეხვედრებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამივე მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბერში, "ბორჯღალოსნები" ურუგვაის, სამოასა და უელსს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ პირველი 2 დაპირისპირება თბილისში გაიმართება, დასკვნით ტესტ-მატჩში კი საქართველოს ნაკრები უელსს ესტუმრება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კალენდარი5 ნოემბერი - საქართველო Vs. ურუგვაი12 ნოემბერი - საქართველო Vs. სამოა19 ნოემბერი - უელსი Vs. საქართველო
შეგახსენებთ, ზაფხულის ტესტ-მატჩებზე, სამოამ ბრწყინვალედ იასპარეზა. წყნარი ოკეანის ერთა თასზე, სამოამ ფიჯი, ტონგა და ავსტრალიის A ნაკრები დაამარცხა, რის შედეგადაც ტურნირის ტრიუმფატორად მოგვევლინა და მსოფლიო რაგბის რეიტინგშიც დაწინაურდა. განახლებულ რეიტინგში სამოა მე-11 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო საქართველო მე-13 პოზიციას იკავებს.