შავი ლომი | ბუქარესტიდან ფლეი ოფში
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ბუქარესტში რუმინული ‘ვულვზი’ ბონუსით – 49:6 დაამარცხა და ფლეი ოფის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.
5 ტურის შემდეგ ქართულ ფრენჩაიზს 18 საცხრილო ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. 29 ოქტომბერს ის ‘ბათუმს’ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
განვლილ შეხვედრაში სტუმრები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ‘შავი ლომი’ დომინირებდა შერკინებაში, რაქებში, დერეფანში და ხელდახელ თამაშში. ისინი აგრესიული ბოჭვებით აჩერებდნენ მეტოქის იერიშებს და ‘ვულვზი’ ჩვენს ლელოს ერთადერთხელ მოუახლოვდა, თუმცა ბოლო მომენტში დაცვამ ზუსტად ითამაშა.
შეხვედრის დებიუტში რამდენჯერმე დავჯარიმდით და რუმინელები ორი ცდიდან ერთი გამოყენებული ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა მე-8 წუთზე ლუკა მატკავამ წონასწორობა აღდგინა. მალევე ხელდახელ სწრაფი შეტევა წამოვიწყეთ, ‘ვულვზმა’ ფეხი არ აგვიწყო, მარცხენა ფრთაზე მეტობა შეიქმნა და აკა ტაბუცაძის ლელო მატკავამ გარდასახა. ტაიმის შუაში მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა შემცირეს, დარჩენილ 1 საათში კი ქულის აღებაც ვეღარ შეძლეს.
საპასუხოდ მატკავამ ჯარიმა მალევე გაქვითა, ტაიმის ბოლოს კი რუმინელები მოლით დავძარით და დაახლოებით 15 მეტრით უკან დავახევინეთ, მერე ბურთი სწრაფად გავიდა მარჯვენა ფრთაზე, გრძელი გადაცემის შემდეგ ტაბუცაძემ მბოჭავი დაჯაბნა და დუბლი შეასრულა. მატკავა გარდასახვიდან ზუსტი იყო – 20:6.
მეორე ტაიმში ‘შავმა ლომმა’ ტექნიკური წუნი გამოასწორა და უპირატესობაც მეთოდურად გაზარდა. საწყის წუთებში ფაზური შეტევის შემდეგ მეტოქის 22-ში ბურთი დაიკარგა, მაგრამ შერკინებამ იქვე ჯარიმა გამოიმუშავა და მატკავამ ის 3 ქულად აქცია. 61-ე წუთზე ჯარიმა კარში აღარ დავარტყით, დერეფნიდან კარგი მოლით შევუტიეთ და ის ლელოთი ჯაბა ბრეგვაძემ დაასრულა. 75-ე წუთზე ‘ვულვზმა’ მოლი შეგვიჩერა, თუმცა გიორგი მარგალიტაძემ ბურთი მოკლე ფრთაზე სანდრო თოდუას გაუტანა და დიდი მცდელობის მიუხედავად ის მცველებმა ვერ შეაჩრეს.
დასკვნით წუთებში ‘შავმა ლომმა’ კიდევ ორი ლამაზი ლელო გაიტანა, ორივე ხელდახელ შეტევით. პირველ ეპიზოდში სწრაფი შეტევა ცენტრიდან დაიწყო და ის ოთარ ლაშხის ლელოთი დასრულდა. გაწითლებულ დროზე ხელით უკვე ჩვენი 22-იდან შევუტიეთ, დემე თაფლაძემ და მიშო გაჩეჩილაძემ კარგად იარეს, ხაზი რამდენჯერმე გაიჭრა, ნიკო აფციაურმა ლაშხს ოფლოუდი ამოუგდო და მანაც დუბლი შეასრულა. მატკავას მხოლოდ ბოლო გარდასახვა გაუცუდდა და ‘შავმა ლომმა’ 49:6 მოიგო.
რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. V ტური
23 ოქტომბერი. ბუქარესტი.
ვულვზი (რუმინეთი) – შავი ლომი (საქართველო) 6:49
შავი ლომი
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ტარიელ დონაძე, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ოთარ ლაშხი.
ფოტო: Răzvan Păsărică
წყარო: rugby.ge