Belive

‘შავ ლომს’ თელავივში ფეხი დაუცდა

2 წლის წინ რაგბი
4 წთ

რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში, სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით დაკომპლექტებულმა ‘ჰითმა’ ‘შავ ლომს’ თელავივში 24:18 სძლია.

ისრაელის გუნდი ქართული ფრენჩაიზისთვის კერკეტ კაკალად იქცა. მეტოქემ გამარჯვება არც პირველ წრეში, ქუთაისში დაგვანება (25:25), განმეორებით შეხვედრაში კი სულაც ნუგეშ-ქულას დაგვაჯერა.

თამაში ხისტი გამოდგა. ხშირი იყო ტრავმები და გუნდებს ტონუსში შესვლა გაუჭირდათ. გარდა ამისა, ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, რითაც მეტოქემ უკეთ ისარგებლა და სასურველი შედეგი დააფიქსირა.

ანგარიში ფაქტობრივად პირველივე შეტევის შემდეგ გაიხსნა. ქართველებმა დაცვაში უყურადღებოდ ითამაშეს, ‘ჰითის’ კვაჭმა ხაზი გაჭრა და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. განახლდა თუ არა თამაში, დემე თაფლაძე ბურთს დაეუფლა, მბოჭავს დაუსხლტა, ხაზი გაჭრა და 40-მეტრიანი დრიბლინგი ინდივიდუალური, საპასუხო ლელოთი დაასრულა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვა ვერა, მაგრამ მე-11 წუთზე ჯარიმა გაიტანა და ‘შავი ლომი’ დააწინაურა.

‘ჰითმა’ 23-ე წუთზე ჯარიმით გვიპასუხა, სამიოდე წუთში კი სტუმართა მეორე ლელო გავიდა. ნოდარ ჭეიშვილმა მეტოქე ცენტრში შეაწუხა და ბურთი დააკარგვინა, მას გიორგი ბაბუნაშვილმა წაკრა ფეხი, აკა ტაბუცაძემ მცველს სისწრაფეში აჯობა, მაგრამ ზედ ლელოს ხაზთან წესების დარღვევით შეაჩერეს და მეტოქე სინბინით დაისაჯა. ჯარიმა გავითამაშეთ, რამდენიმე ფაზის შემდეგ მიხეილ გაჩეჩილაძემ რაქიდან ნულოვან ზონაში შეუტია და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. მასპინძლებმა შეძლეს საპასუხო შეტევისას ფაზების აკინძვა, მაგრამ წინსვლა არ ქონდათ, ამიტომ არეკნის დარტყმა გადაწყვიტეს და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს.


333-2

ტაიმის მიწურულს ‘შავმა ლომმა’ ლელოზე ითამაშა, ორჯერ ააგორა მოლი და პირველს მეტოქე სინბინით შეეწირა, მერე კი ბურთი ჩაიხურა – 15:13.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში თელავიველებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, მათ შორის კი ერთი ზუსტი დარტყმა ბაბუნაშვილმა შეასრულა. უპირატესობის დაბრუნება 55-ე წუთზე შეიძლებოდა, თუმცა ქართველებმა ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს და უქულოდ დარჩნენ. შეხვედრის დასკვნით მეოთხედში ‘ჰითმა’ ერთხელაც აკინძა ფაზები, წინსვლა არც ამჯერად იყო, ამიტომ მათ მარჯვენა ფრთაზე ფეხით ითამაშეს და ალამთან ლელო გაიტანეს. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, ‘შავი ლომი’ დასკვნით წუთებში ლელოს გატანას ეცადა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ‘ჰითმა’ 24:18 იმარჯვა.

მიუხედავად მარცხისა, 4 ტურის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციას 13 ქულით ‘შავი ლომი’ ლიდერობს. 10 ქულა აქვს ‘ჰითს’ და ერთით უსწრებს ‘ბათუმს’, რუმინული ვულვზი კი 5 ქულით ბოლო საფეხურზეა. მეხუთე ტურში, 22 ოქტომბერს, 12:30 საათზე ‘ბათუმი’ ‘ჰითს’ თელავივში ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ მეორე ადგილზე დაწინაურდება. ‘შავი ლომი’ 23 ოქტომბერს ბუქარესტში ‘ვულვზს’ ეთამაშება.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. IV ტური
16 ოქტომბერითელავივი.
თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო) 24:18
შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. პაატა გალდავა; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. ოთარ ლაშხი.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები